თბილისის საკრებულოს შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ ბლოკირებული. შენობამდე მისასვლელები სამართალდამცავებს სპეციალური ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.
სამართალდამცავების მობილიზება დღევანდელ სხდომას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებისთვის მიწის ორი ფართობის გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს შენობასთან იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ბიძინა ივანიშვილს თბილისი გადასცენ ერთ ლარად:
„ის, რაც დღეს ხდება საკრებულოს შენობასთან, არის ამ ხელისუფლების სირცხვილი, ჩემი ინფორმაციით საკრებულოს შენობაში სპეცრაზმია მობილიზებული, მიმდებარე ქუჩებზეც სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული, ეს თბილისის პრობლემების გადაჭრაა? დღეს საბოლოოდ აპირებენ, რომ დაუკანონონ ბიძინა ივანიშვილს ეს ტერიტორიები? მიუხედავად იმისა, რომ ამას იცავს ათასი პოლიციელი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ თბილისი ერთ ლარად, პროტესტი იქნება ძალიან ხმამაღალი დღეს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატებს არ შეუშვებენ და სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






