ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ თავისი ძალის დემონსტრირებას შეეცდება და ვეტოს დაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ამით კონსტიტუციას დააზარალებს.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს მოტივირებულ შენიშვნებს, რადგან დღეს მათი ამოცანა არის ერთი მხრივ საკუთარი ძალის დემონსტრირება, მეორე მხრივ იმ კონსტიტუციის მიღება, რომელიც მორგებულია მათ ამოცანებზე და მათ საარჩევნო დღის წესრიგზე. ამიტომ, სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი რომ ისინი გაიზიარებენ ვეტოს, სხვანაირად რომ მოხდარიყო, ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. “- განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გოგა ბოკერიას თქმით ეს ვეტო გამოხატავს სრულ კონსენსუსს სრული ოპოზიციური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების, თუმცა იმის იმედი, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს არც ბოკერიას აქვს:
"სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმედის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს ოცნებისა და ივანიშვილის გუნდი, მიუხედავად ამისა, მაინც გვინდა მოვუწოდოთ მათ, ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს. ეს ის გუნდია, რომელმაც ყველა სადავო საკითხზე უარი თქვა ხალხისთვის ეკითხა აზრი, უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების რჩევები, სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები თავიანთი ინტერესის გარდა. ეს მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის და ეს ვერ გადაარჩენს მათ, ერთხელაც აქვთ შანსი, ეს მძიმე შეცდომა არ დაუშვან." - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






