„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: "ქართული ოცნება" - 36%, "ნაციონალური მოძრაობა" - 12% - შემდეგ მოდის სხვა პარტიები.
კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: კახი კალაძე - 34%, ზალიკო უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14%, ელენე ხოშტარია - 5%.
კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც.
დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ 60%-ის ხმა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქვეყნის განვითარებით:
“პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ კვლევა აფასებს სიტუაციას კონკრეტულ მომენტში, ეს კვლევა აფასებს სიტუაციას, რომელიც იყო რამდენიმე კვირის წინ, მაგრამ ბუნებრივია ეს კვლევა ასახავს ტენდენციას და აჩვენებს დინამიკას, ბუნებრივია არჩევნების შედეგები იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ აქტივობებზე, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები განახორციელებენ. როდესაც ჩვენ ვაფასებთ კვლევას, უნდა გვესმოდეს, რომ იგი გვაძლევს მშრალ ციფრებს. აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ადამიანი ამბობს რომ მივა არჩევნებზე, ვიდრე რეალურად წავა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც არსებობს ყველა კვლევაში.
ადგილობრივ არჩევნებს ყოველთვის ახასიათებს სპეციფიკა, ამ არჩევნებზე ბევრი ამომრჩეველი არ დადის, მე არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით 55%-ზე მეტი მოვა, ეს დასკვნა ეფუძნება იმ დინამიკას და ისტორიას, რომელიც ამ კუთხით საქართველოში არსებობს, ეს მაჩვენებელი იქნება 55%-დან 60%-მდე.
ეს არჩევნები იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარი ამომრჩევლების გამოყვანას არჩევნებზე. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არ არის კმაყოფილი იმით, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, ეს ციფრი მიუთითებს ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს, ეს მიუთითებს ამომრჩევლის უკმაყოფილებისკენ. ბედნიერი ამომრჩეველი არის 20%, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, შემდეგ ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსით ახდენს ამ მაჩვენებლის გაზრდას, ოპოზიციური პარტიები სამწუხაროდ ვერ ახერხებენ ამ ნეგატიური განწყობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, ჩემი აზრით ამის ერთადერთი მიზეზი არის ძლიერი ოპოზიციური ლიდერის არარსებობას“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






