„რუსთავი 2“-ის დაკვეთით გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საველე სამუშაოები თბილისში ჩატარდა. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება. რაც შეეხება პარტიების რეიტინგს, კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: "ქართული ოცნება" - 36%, "ნაციონალური მოძრაობა" - 12% - შემდეგ მოდის სხვა პარტიები.
კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: კახი კალაძე - 34%, ზალიკო უდუმაშვილი - 14%, ალეკო ელისაშვილი - 14%, ელენე ხოშტარია - 5%.
კვლევაში მონაწილეთა 39%-ს აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მეორე ტურის მოლოდინი აქვთ, 70% ფიქრობს, რომ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას კახი კალაძე მიიღებს. 34%-ის აზრით მეორე ტურში გადავა ზალიკო უდუმაშვილიც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით თბილისში მეორე ტური გარდაუვალია:
“ნებისმიერი კვლევა არის საინტერესო და ყურადსაღები, ეს კვლევა აჩვენებს სხვადასხვა ტენდენციებს. ამ კვლევამ აჩვენა ცხადად, რომ გარდაუვალია თბილისში მეორე ტური, აჩვენებს იმას, რომ 62% მოსახლეობის არის უკმაყოფილო და ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა მეტია, ვიდრე ხელისუფლების. დარწმუნებული ვარ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი წილი გადანაწილდება ოპოზიციურ კანდიდატებზე. ბოლო 2 კვირა იქნება გადამწყვეტი, მათ შორის როგორც არასდროს დებატები მერობის კანდიდატებს შორის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმედია დებატებში ბატონი კალაძე გამოცხადდება, ყველაფერი არის წინ, ოპოზიციურმა პარტიებმა დარჩენილ დროში ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამომრჩევლები გამოიყვანონ არჩევნებზე“, - აცხადებს ნიკა მელია.
მასალის გამოყენების პირობები






