ხსენებული გენგეგმის პროექტის ავტორი თვით თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოა“, რომელმაც თავის სლოგანად მერიაზე არანაკლებ ამაღელვებელი და ამბიციური განაცხადი აირჩია: „სტაბილურობიდან მდგრადობამდე“. ოღონდ „სტაბილურობა” უცხოურიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვაა და საკუთრივ ქართულად, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ და მხოლოდ „მდგრადობას“ ნიშნავს.
ანუ ამ ჩვენი პატივცემული და თბილისის ნათელ მომავალზე მზრუნველი კომპანიის სლოგანი, ფაქტობრივად, ასეთია: „მდგრადობიდან მდგრადობამდე“ ან, თუ მაინცდამაინც, „სტაბილურობიდან სტაბილურობამდე“.
მართალია, თბილისის მომავალზე მზრუნველთა სლოგანის ავტორები ქართული, ანუ სახელმწიფო ენის სრულფასოვან ფლობაში მოიკოჭლებენ (რაც, დამეთანხმებით, მეტად ტრაგიკომიკურია), მაგრამ ეს მათი აპრიორი დაწუნების მიზეზი მაინც არ არის. ამიტომაც მათ მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას ჩავხედოთ და ვნახოთ, იქნებ, თბილისის პრობლემები თვით ქართული ენის ნიუანსებში გარკვევის გარეშეც დამოწვლილვით დაინახეს, შეისწავლეს და ისეთი ცრულფასოვანი გენგეგმაც მოამზადეს, რომ იქნებ თბილისი, მართლაც, იქცეს ისეთ იდილიურ ქალაქად, როგორც ეს მათ აქვთ აღწერილი თავიანთივე გენგემის პროლოგში (და მერე რა, რომ ფრიად გაუგებარი ქართულით)?!
ციტატა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ ორი მილიონ 800 ათას ლარად მომაზებული თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის ეპილოგიდან: „უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი, განსაკუთრებით, ევროპიდან იზიარებს დედაქალაქში განფენილ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და სტუმარ-მასპინძლობას, ვიზიტორები ამავე დროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების „ელჩები“ არიან, რადგან ქალაქი მცირე ინოვაციური ბიზნესების ცხელი წერტილია, ორგანული აგრობიზნესებით, განსტრონომიითა და სტუმართმასპინძლობით, საქართველო მსოფლიო მოთამაშეა და მის პროდუქტები მთელ მსოფლიოშია ცნობილი.“
მე არ ვიცი, რა აგრობიზნესების განვითარებას აპირებენ თბილისში ან რა ზომები აქვთ მიღებული, რომ „ინოვაციური ბიზენსების ცხელმა წერტილებმა“ არ გადაგვწვას, მაგრამ ვიცი, რომ ამისთვის (უფრო და უფრო მეტმა ვიზიტორმა, განსაკუთრებით, ევროპიდან რომ გაიზიაროს „დედაქალაქში განფენილი ქართული კულტურა“ და, განსაკუთრებით – „გასტრონომია“) აუცილებელია, თბილისი არათუ ეკოლოგიურად უსაფრთხო ქალაქი იყოს, არამედ, სულ მცირე, ერთ ადგილას იდგეს, ისევე, როგორც მთელი საქართველო.
რატომ? იმიტომ რომ ამ ჩვენს მთაგორიან ქვეყანაში, სავსებით ოფიციალური ინფორმაციით, 53 000 მეწყრული უბანი და 3 000-მდე საღვარცოფე ხევია. გამონაკლისი არც დედაქალაქია, სადაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად 56 მეწყერი გააქტიურდა (ესეც სავსებით ოფიციალური ინფორმაციაა).
მაგალითად, ვაკის რაიონში ორი დიდი მეწყერსაშიში ზონაა. როგორც „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს ბუნებადამცველი ნინო ჩხობაძე, ფალიაშვილის ქუჩაზე ბევრი სახლი დგას წყალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსები, ადრე თუ გვიან გამოირეცხება (ხოლო, რა შედეგს მოიტანს საძირკვლის გამორეცხვა, ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ).
მეწყერსაშიში ზონებია, ასევე, მთაწმინდის ფერდობებზეც, რომლებიც სამი მიმართულებით (ვაკე, მთაწმინდა და სოლოლაკი) იშლება. რისკის ზონაა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაც – ლოტკინის მხრიდან და გლდანისა დასარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ. მეწყერსაშიში ზონაა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის ზემოთ არსებული ტერიტორიაც. მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობები კი პერმანენტულად იმეწყრება (ასეთია ჩვენი ბედისწერა – გეოგრაფია).
ამას გარდა, დედაქალაქში მტკვრის, დაახლოებით, 10 ძირითადი შენაკადია, რომლებიც თავსხმა წვიმების დროს, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს შემოეჩვია, უცებ ივსება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ შენაკადების მიმდებარე ხევებშიც იგივენაირი ტრაგედია შეიძლება, დატრიალდეს, რაც 2015 წლის 13 ოქტომბერს მდინარე ვერეს ხეობაში.
მოკლედ, პრობლემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (რომ ერთ წვიმიან დღეს ან წყალმა არ წაგვიღოს ან მეწყერმა გენგეგმით დაპირებულ ამ ჩვენს ევროპელ ვიზიტორებთან ერთად), თუმცა თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ამ პრობლემას საერთოდ არ ეხება, ისე უწინასწარმეტყველებს თბილისს „ბრწყინვალე მომავალს“!
მერე მხრივ, მეწყრებისა და ღვარცოფების პრობლემას ვერც შეეხებოდნენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ ხსენებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საერთოდ არანაირ კვლევას არ ეყრდნობა (ამდენად, ლეგიტიმური ეჭვი მაქვს, რომ დედაქალაქში არსებულ მეწყრულ სხეულბსა და საღვარცოფე ხევებზე არაფერი სმენიათ). და ეს ეჭვი რომ სავსებით ლეგიტიმურია, ამას „აიპრესთან“ საუბრისას თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი, „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელი გოგი აბაშიძე სავსებით გულახდილად ადასტურებს: კვლევები ან არ არსებობს, ან პროცესშია (რატომ უნდა იყოს პროცესში?!) და დასძენს, რომ „სითი ინსტიტუტმა საქართველიომ“ მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა დედაქალაქისთვის. აქედან გამომდინარე კი, სავარაუდოდ, მათ სრულიადაც აღარ აინტერესებთ, რა აზრი აქვს ზოგად მიდგომას, თუ ის კვლევებით არ არის გამყარებული ან, თუნდაც, კვლევების შედეგად უვარგისი აღმოჩნდება?!
ასეა თუ ისე, თბილისი მეწყრებისა და ღვარცოფების საშიშროების წინაშე დგას (მიწისქვეშა კომუნიკაციების სავალალო მდგომარეობა, რომელიც, ასევე, არ შეუსწავლია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დამატებითი პრობლემაა, რომელიც უფრო აძლიერებს ღვარცოფებისა და მეწყრების საშიშროებას), ამის გათვალსიწინებით კი, არც ისაა გამორიცხული, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დედაქალაქსა და მის ვიზიტორებს „ბრწყინვალე მომავალს“ ზეცაში უწინასწარმეტყველებდეს (პირი ქვისკენ მიქნია)?! რადგან ჯერჯერობით თბილისს ისე აქვს საქმე – წინ წყალი, უკან მეწყერიო.
ნანა ბოლქვაძე
მასალის გამოყენების პირობები






