ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ანდორაში გაიმართა და 57 ქვეყნის 200მდე პარლამენტის წევრი ესწრებოდა. საშემოდგომო სესიაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და განათლების სისტემის პრობლემები ეუთოს წევრ სახელმწიფოებში.
გიგი წერეთელმა, როგორც სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, სესიას გერმანიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებანგარიში წარუდგინა.
გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხებს ეხებოდა და სიტყვით გამოვიდა. წერეთელმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამ პირობებში უკიდურესად შევიწროებულია აფხაზეთში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობა, ყოველდღიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები. მან ასევე ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობის აუცილებლობაზე ისაუბრა. გიგი წერეთლის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ყოველთვის იდგეს საერთაშორისო ორგანიზაციების დღისწესრიგში და მნიშვნელოვანია ეუთოს ინსტრუმენტების მეტი აქტიურობა.
გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის სხდომაზე, სადაც საპარლამენტო ჩართულობისა და საქართველოს დადებით როლზე ისაუბრა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მარშრუტის აქტიური ფუნქციონირებისთვის. აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფი ახალი ჩამოყალიბებულია და მასში ეუთოს რეგიონის 20 ქვეყანაა გაერთიანებული.
გარდა ამისა, გიგი წერეთელმა, როგორც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციის თავჯდომარემ, ფრაქციის წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ესპანეთში არსებული ვითარება, კატალონიის დამოუკიდებლობის შესაძლო გამოცხადებასთან დაკავშირებით და EPP-ს მიმდინარე პრიორიტეტები.
მასალის გამოყენების პირობები






