ამასობაში ჩამძინებია... გამეღვიძა, დილის 5 სრულდება. თავში მონასტერია – გერგეთი, თოვს, სენაკებიდან ეკლესიაში შევრბივართ, ცივა: ,,ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვეეეენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდაააა. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო...
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი...“
საწოლშივე – ჩიბუხი, ყავა და ფიქრები წავიდააა:
ჩემო რუსკა, მინდა გითხრა – შენ არ ხარ ერთადერთი, ლიტერატურაში ცენზურის მრავალი სხვა ფხიზელი გუშაგი ფუსფუსებს!..
მერე ვიფიქრე, რომ სამშობლო აუცილებლად უნდა იცნობდეს თავის ორ ბუზ ,,ცეცეს“ (ცქვიტ ცენზორებს), კერძოდ: კულტურის მინისტრის თანაშემწეს, რომელიც ადრე, ცნობილ აგიტბრიგადასთან ერთად, თითო სოფელს თეორიულ 5 მილიონს ურიგებდა, დღეს კი ჩაბარებული აქვს მწერლების მიმართულება – ქეთი დუმბაძესა და ,,წიგნის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელს – კდემამოსილ დეა მეტრეველს, რომელიც ამჟამად სახაზინო მწერლებში ფრანკფურტის წიგნის გამოფენის ქრთამს ანაწილებს... ჰო, დილით ამაზე უნდა დავწერო!...
შემდეგ გამახსენდა: ამ ტოტალიტარულმა დეიდებმა, გერმანულად უკვე ნათარგმნი ჩემი ,,იმპერიის ორსულობა“, თაროზე როგორ შემოდეს და წიგნთან ერთად ფრანკფურტის გამოფენის სიებიდან მეც როგორ ამომხვრიტეს...
მერე ვიფიქრე: ახლა მხოლოდ ეს აქტიური ჯალათები რომ დავასახელო, მდუმარე მოწმეებს ხომ ეწყინებათ? გამომცმელები გავიხსენე, მაგალითად, უპროგრესულესი ირაკლი ბაკურიძე (გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში"-ს დირექტორი)... ნეტარი როგორ მწერდა ,,ფეისბუქით“ – ჩვენი მწერლობის ,,ამომავალი მზე“ ხარო და მერე დამფრთხალი კურდღელივით დამემალა...
ბევრი რამ ამომიტივტივდა ამ სულელ თავში: ლიტკონკურს ,,საბას“ ორგანიზატორები და ჟიური, ,,წერო“... კიდევ და კიდევ ახალი სახეები: მჭამელი გოგო- ბიჭების მთელი პრაიდი – მათი კმაყოფილი და მაძღარი სახეები... აი, ისინი, ყოველდღე ეკრანიდან რომ გვიღიმიან და წიგნებზე საყვარლად რომ გვებაასებიან – ჰო, ეს შედარებით პასიური – მდუმარე შაშურკინები...
ვახ, ეს კაცი არ მეშვება – ისევ ცხონებული ,,შაშურა“ გამახსენდა რა!.. ლავრენტი ბერიას ,,შნირი“ – ზახარ ივანიჩ შაშურკინი... თბილისის ციხის კომენდანტი. ამხანაგი შაშურკინი არ იყო უბრალოდ ჯალათი, ის იდეური მხვრეტავი გახლდათ. ,,შაშურა“ პატიმრებს სოღანლუღის ღია მინდორში ხვრეტდა. გზაში ზახარ ივანიჩი ყოველთვის ერთ ბოთლ არაყს მიირთმევდა – აბაა! ნეტარხსენებული ზახარი იმდენს შრომობდა, რომ საჩვენებელ თითზე, ჩახმახის დასხლეტით გამოწვეული ,,მაზოლიც“ კი გასჩენია...
ამასობაში სინანულით გავიფიქრე, რომ სამწუხაროდ, ამგვარი გაქანების საშუალება თანამედროვე ,,შაშურებს“ არ ეძლევათ – 21-ე საუკუნის გამო, ,,ნაგანს“ ღიად ვერ ხმარობენ და მხოლოდ ცოცხალი ადამიანების დაბლოკვა-გაქრობასა და კულტურის სამინისტროს საძოვრებზე ლაღად ბალახობას სჯერდებიან...
არადა მიზეზი, როგორც ცხონებულ ზახარს, კი აქვთ – ვინც ხელისუფლების გავის ლოკვაში შესაბამის მონდომებას არ იჩენს, მას დახვრეტა და მორჩა – მაგათ არ მო... უკალ დედებიიი!
ამ ავ ფიქრებში შემომათენდა, ისევ ჩიბუხს მოვუკიდე და გავაბოლე, ტელევოზორს გავხედე. ხმა: ,,დღეს – 8 ოქტომბერს, 1980 წელს ბობ მარლიმ გამართა უკანასკნლი კონცერტი და შვიდი თვის შემდეგ სამუდამოდ მიიძინა...
Could you be looooooved and be loooooooved?
Could you be loooooved, wo now! and be loooooved?“.
გავიფიქრე: აი, ჯიგარი – მაგრად დააბოლებდა და წავიდააა: Could you be looooooved and be loooooooved? ვაბსჩე ეკიდა დეაც, და ქეთიც, და სხვა დანარჩენიც... ეჰ, აღარ არის ჩემი მუდამ დაბოლილი, მომღიმარი ძმა – მარლი!
Could you be looooooved and be loooooooved?.. იცი, რაა?... რა და ერთი ამათ ბანძი კარგიც.., ბანძებზე წერონ ბანძებმა!.. და ეგრევე მომეშვა! საბანში გავეხვიე და გემრილადაც დავიძინე. სულ ეს იყო რა...
ჰო! სანამ ღრმად ჩამეძინებოდა, თავში მონასტერი დაბრუნდა:
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა.., და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენებააააა....
ზ.ო. 2017 წელი. მაგრად ასწორებს მშვიდი ძილი, მაგრად!
ზურა ოდილავაძე
მასალის გამოყენების პირობები






