რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 63-ე სესია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ქართველმა პარლამენტარებმა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
დელეგაციის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. მისივე განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული სირთულეებისა, საქართველო განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას და სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი და პარლამენტის წევრები ირაკლი ბერაია და სერგი კაპანაძე მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები






