„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზალიკო უდუმაშვილის თქმით მედიას ფორმატებს კანდიდატები არ უნდა სთავაზობდნენ. უდუმაშვილი ნებისმიერი ფორმატის დებატებში მონაწილეობაზე მზადყოფნას აცხადებს:
„მე მზად ვარ ნებისმიერი ფორმატის დებატში მივიღო მონაწილეობა, რასაც შემომთავაზებენ მედიასაშუალებები. ზოგადად სწორედ დებატებია კომუნიკაციის მთავარი საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატებისთვის და ბუნებრივია მე ყველა შემოთავაზებულ ფორმატს გამოვიყენებ. რაც შეეხება ხელისუფლების კანდიდატის განცხადებას, არა მგონია რომ კანდიდატები უნდა სთავაზობდნენ მედიას კონკრეტულ ფორმატებს, მედია თავად წყვეტს რა ფორმატში დაუძახებს კანდიდატებს დებატებისთვის“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ გოკა გაბაშვილი აცხადებს რომ ამ ინიციატივით მმართველი გუნდი დებატებზე ირიბად უარს ამბობს:
„ეს განცხადება არის ირიბად უარის თქმა იმ დებატებზე, რომელიც უკვე ჩანიშნულია. ყველა არხს აქვს თავისი ფორმატი და ჩვენ ყველა დებატებში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. აქ უბრალოდ არის ის, რომ კალაძეს კონკურენტულ გარემოში არაფერი სათქმელი არ აქვს თბილისელებისთვის და ცდილობენ კასტრირებულ-სტერილიზებული ფორმატის მოფიქრებას, ან ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო დებატებზე უარის თქმას. ერთიც და მეორეც ძალიან ცუდი ნაბიჯია მმართველი პარტიის კანდიდატისგან“- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მედიისთვის საკუთარი სურვილების თავზე მოხვევაში ადანაშაულებს ალეკო ელისაშვილი მმართველ გუნდს, მისი თქმით საქართველო ჩრდილოეთ კორეა არაა და დებატების საკითხები პარტიული დირექტივებით არ უნდა წყდებოდეს. თუმცა სხვა კანდიდატების მსგავსად ელისაშვილიც ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზადაა:
„მედიას თავს ახვევენ გაურკვეველ ფორმატს, აბსოლუტურ აჯაფსანდალს და არა დებატებს, რომ ყველა ერთად შეგროვდეს. სიმართლე გითხრათ მე ამაზეც თანახმა ვარ, არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა, მაგრამ მე მსურს მივმართო ტელევიზიებს, ჩვენ ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობთ, პარტიული დირექტივების მიხედვით ნუ გადაწყვეტთ როგორი ფორმატი უნდა იყოს, ტელევიზიებმა ტავად განსაზღვრეთ დებატების ფორმატები და მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწილეობა და პირისპირ დავუჯდე კახა კალაძეს“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„დემოკრატიული მოძრაობისა” და “თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის საერთო კანდიდატი კახა კუკავა აცხადებს, რომ ხელისუფლება დებატებს გაურბის, კუკავა მრავალჯერადი დებატების გამართვის მომხრეა:
„სამწუხაროდ ხელისუფლებაც და ზოგიერთი სხვა კანდიდატიც გაურბის დებატებს, ან ცდილობს მინიმმუმამდე დაიყვანოს მათი რაოდენობა, ჩემი პოზიცია არის, რომ უნდა გაიმართოს დებატები ყველა კანდიდატს შორის და რაც შეიძლება მეტი, ყველა ცენტრალურ არხზე. თუ რომელიმე კანდიდატი გაურბის დებატებს და თავისი თავის იმედი არ აქვს, როგორც ფეხბურთშია ჩაეთვალოს წაგებად 3-0“- განაცხადა კახა კუკავამ.
სამშაბათს 10 ოქტომბერს ტელეკომპანი „იმედზე“ დაგეგმილ დებატების გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „იმედი“ უმრავლესობის შეთავაზებას 2 შემთხვევაში დათანხმდება, თუ დებატები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართება და თუ დებატების თარიღი 10 ოქტომბერი იქნება:
„სამწუხაროდ მმართველმა პარტიამ დაარღვია პირობა, ჩვენ გვქონდა შეთანხმება რომ სამშაბათს გაიამართებოდა თბილისის მერობის კანდიდატების დებატები.“- განაცხადა გადაცემა „ამომრჩევლის პირისპირ" წამყვანმა .ირაკლი ჩიხლაძემ.
რა მოსაზრება აქვთ შეთავაზებულ ფორმატზე სხვა ტელეკომპანიებს ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






