ფაქტობრივი გარემოება - შემოვლითი რკინიგზის პროექტის ორი მესამედი დასრულებულია; პროექტის ფარგლებში უკვე დაიხარჯა 213 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (პროექტის ბიუჯეტის 65 პროცენტი); პროექტის დასასრულებლად დამატებით 137 მილიონ აშშ დოლარზე მეტია საჭირო; პროექტის განხორციელება შეწყდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ.
მომხერთა არგუმენტები: გაწეულია მასშტაბური სამუშაოები და პროექტის დამთავრებას დიდი ძალისხმევა არ ჭირდება; პროექტის განხორციელების შემდეგ გაიზრდება ქალაქში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დონე; შემცირდება გარემოს დაბინძურება და ხმაური; თბილისის ცენტრში განთავისუფლდება სარკინიგზო ინფრასტუქტურის მიერ დაკავებული ტერიტორია, რომელიც ურბანული განვითარებისთვის იქნება გამოყენებული; გამოთავისუფლებული ტერიტორიის ურბანული განვითარება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას.
მოწინააღმდეგეთა არგუმენტები: შემოვლითი რკინიგზა ქალაქში გამავალ ხაზზე გრძელია, რაც ზრდის მის საოპერაციო ხარჯებს; რკინიგზის ახალ მონაკვეთზე მატარებლებისთვის დამატებითი ძრავის დამონტაჟების საჭიროება ამცირებს ხაზის გამტარუნარიანობას; ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული ტერიტორიის ღირებულება გაცილებით ნაკლებია ვიდრე ვარაუდობდნენ პროექტის ავტორები. ( საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Ernst and Young-ს კვლევის თანახმად საპრივატიზაციო ტერიტორია დაახლოებით 74 ჰექტარზეა(პროექტით დათვლილი 150 ჰექტარისა) განლაგებული და მისი სავარაუდო საბაზრო ღირებულება მხოლოდ 30 მილიონი აშშ დოლარია ანუ პროექტის ღირებულებაზე თორმეტჯერ ნაკლები, დამატებითი საოპერაციო ხარჯებისა და ტვირთის გამტარუნარიანობის შემცირებით გამოწვეული შემოსავლის შემცირების გაუთვალისწინებლად); თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკური გადაწყვეტილებები იძლევა საშუალებას რკინიგზის დამხმარე ინფრასტრუქტურის მოცულობა იმდენად შემცირდეს, რომ რკინიგზის სივრცული ზემოქმედება დედაქალაქზე მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
საქართველოს რკინიგზის მიერ შეკვეთილი კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გამტარიანობა 25%-ით იზღუდება, ასევე 57%-ით უარესდება მოვლა-შენახვისა და ოპერირების ხარჯები. ამ ეტაპზე შემუშავებულია პროექტის რამოდენიმე ვარიანტი რათა გამრაიანობის შეზღუდვა 18%-მდე შემცირდეს.
შემოვლითი რკინიგზა - პოლიტიკა და ბიზნეს ინტერესები.
ეს პროექტი სააკაშვილის დროს დაიწყო და ბუნებრივია მის სახელთან ასოცირდებოდა. პროექტი ხორციელდებოდა სააკაშვილისთვის დამახასიათებელი სისწრაფით და ზედაპირულობით, არც კორუფციულ ელემენტებს იყო მოკლებული მთელი ეს პროცესი, მაგრამ მიუხედავდ ნაკლოვანებისა ზოგადად მაინც ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტად ითვლებოდა სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივი იყო, რომ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მოხდა სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული პროქტის შეჩერება და სხვადასხვა მიზეზებით მისი კონსერვაციის მცდელობა. საქმე იქამდის მივიდა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შემოვლითი რკინიგზის შესახებ განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნისათვის სრულიად გამოუსადეგარიაო. ამას მოყვა დღევანდელი პრემიერის და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ერთ-ერთ კომენტარში ისიც თქვა, რომ არ იყო გამორიცხული მშენებლობის კონსერვაცია.
თუმცა მაშინ ეკონომიკის ექსპერტი და დღეს ნარმანიას მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აცხადებდა, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მომავლის პროექტია და რადგან მშენებლობა დასასრულისკენაა მისული, მისი გაჩერება ან დაკონსერვება არ უნდა მოხდეს.
დღეს, ხელოვნურად, პოლიტიკური „მიზანშეწონილობით“ დამუხრუჭებული პროექტი დიდი ალბათობით გაგრძელდება და სამწუხაროდ გაგრძელდება არა პროფესიონალების შედეგად მიღებული დადებითი თუ უარყოფითი დასკვნის, არამედ ისევ და ისევ პოლიტიკური „მიზანშეწონილობიდან“ გამომდინარე.
ის რომ პროექტი გაგრძელდება ნათლად ჩანს თბილისის მერის მიერ შეკვეთილი „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების“ პროექტიდანაც. ამ ე.წ. გენ.გეგმის უდიდესი ნაწილი აგებულია იმ დაშვებაზე, რომ რკინიგზა სრულად გადავა თბილისიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს 2,8 მილიონიანი დოკუმენტით განსახორციელებელი პროექტების უდიდესი ნაწილი კრახისთვის არის განწირული, თუმცა არც რკინიგზის გადატანის შემთხვევაში არ არის ნათელი თუ როგორ უნდა მოხდეს ყოველგვარი ეკონომიკური გათვლების და ბიუჯეტის გარეშე წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნებისმიერ წვრილმან თუ მსხვილმან საკითხზე „დაპირისპირებულ“ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის გასაოცარი იდილია არსებობს, როგორც შემოვლით რკინიგზაზე ისე თბილისის განახლებულ „გენ.გეგმაზე“.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ «თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი» მიმდინარეობდა ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ქმედებისთვის დამახასიათებელი ზედაპირულობით და ვიღაც-ვიღაცეების აშკარა კორუფციული ინტერესების გათვალისწინებით.
ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო სალოკომოტივაო დეპოს ავჭალაში, მდ. მტკვარის ნაპირზე გადატანა. დღისით მზისით მთელი ქალაქის დასანახავად იგებოდა ქვიშის კოშკები და ირეცხებოდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მდ. მტკვარში მთიდან მოჭრილი მიწა და პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი მყარი ვალუტა. გასაოცარი იყო პასუხისმგებელი ჩინოვნიკის პასუხი, როდესაც დაისვა კითხვა თუ საიდან უნდა ქონოდა საავტომობილო მისასვლელი უკვე დაპროექტებულ და სამუშაოებდაწყებულ დეპოს: -„ მაგაზე ჯერ არ გვიფიქრია, მოვრჩებით მშენებლობას და მერე რამეს მოვახერხებთო“.
ეს ამბავი იმისთვის გავიხსენე, რომ ასე ორკესტრირებული მზაობა იმისა რომ პროექტი გაგრძელდეს ყოველგვარი საჯარო განხილვის და სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად, ბადებს დიდ ეჭვს, რომ დაინტერესებულმა ჯგუფები მზად არიან სალოკომოტივო დეპოს გამოცდილება წარმატებით გაიმეორონ.
ვანო ბახტაძე
მასალის გამოყენების პირობები






