ლიტველი დეპუტატის რასა იუკნიავიჩენეს მიერ მომზადებულ დოკუმენტში "რუსეთი - პარტნიორიდან მეტოქემდე" ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს მისამართით განხორციელებული აგრესია მთელი ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობას უთხრის ძირს. ანგარიშის ავტორი მოუწოდებს NATO-ს მოკავშირეებს, გააგრძელონ რუსეთის მიმართ შეკავების მკაცრი პოლიტიკა, რათა წინ აღუდგნენ მოსკოვის პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომლებიც ალიანსის პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას.
„კრემლის სახიფათო ქცევა და პროვოკაციები ალიანსის პარტნიორების წინააღმდეგ და მოსკოვის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, NATO-ს სხვა გზას არ უტოვებს, თუ არა განიხილოს საფრთხის პროპორციული საპასუხო ნაბიჯები“ - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარადგენენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების დეპუტატები მოუწოდებენ ალიანსს, გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან, ისე როგორც ეს "ვარშავის სამიტზე" გადაწყდა.
ანგარიშში, რომელიც გერმანელმა დეპუტატმა ულა შმიდტმა მოამზადა, საუბარია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს პოზიციების გაძლიერების აუცილებლობაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ისევე როგორც სხვა "გაყინული კონფლიქტები", ზრდის კონფრონტაციას და საფრთხეს უქმნის რეგიონს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ "რუსეთი სისტემატურად ცდილობს ახლო სამეზობლოში გავლენის გაძლიერებას და საქართველოსა და უკრაინის დასავლეთთან დაახლოების ხელის შეშლას".
"NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის პოზიციას, რომ რუსეთის სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში წარმოადგენს მუქარას და ამ ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმას" - ნათქვამია გერმანელი დეპუტატის მიერ შემუშავებულ პროექტში.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა აფხაზეთს და ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ხერხებით განამტკიცოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ კუთხით ნახსენებია 2014 წელს თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან ხელმოწერილი ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება.
ამავე დროს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრემლი და მის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალში, ხელს უშლიან საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია ამ რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციისკენ. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომლის ფარგლებშიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე ახალი ბარიერების აღმართვა ხორციელდება.
ანგარიშის ავტორი მიიჩნევს, რომ რუსეთის ზეწოლა ხელს უშლის ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსაც.
„NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება“ - ნათქვამია პროექტში.
ამავე დოკუმენტში საუბარია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ანგარიშში ნახსენებია 2017 წლის მაისში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის მიერ ხაზგასმული პრობლემა, რაც მოსამართლეების არჩევის წესს და მოსამართლეების პრობაციას უკავშირდება.
"ეს პრობლემა ჯერ არ გადაჭრილა და აჩენს რისკებს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით" - ნათქვამია დოკუმენტში. პროექტში ასევე მოხსენიებულია „რუსთავი 2“-ის საქმე და აღნიშნულია, რომ დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს შეშფოთება ტელეკომპანიის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მათი შეფასებით, შესაძლოა, აისახოს ქვეყანაში მედია პლურალიზმზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეაჩერა და ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
დოკუმენტს ასამბლეის 63-ე სესიის ფარგლებში დეპუტატები შაბათ-კვირას განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






