პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ქვეყნის პირველ პირს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, "მნიშვნელოვანია რომ ყველა მხარემ რაციონალური კომპრომისის მზადყოფნა გამოხატოს".
ოპოზიცია კვლავ ერთიანობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა: საარჩევნო სისტემის ცვლილება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი პრიორიტეტებად რჩება და მისი გადახედვა არ იგეგმება.
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ვენეციის კომისიაში იმყოფება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციების გათვალისწინებით დააფიქსირებს პოზიციას.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა რურუა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მაქსიმალურ მივცეთ შანსს აძლევს, რომ "ქვეყანას დაბალანსებული კონსტიტუცია ჰქონდეს ისე, რომ პრინციპების შეწირვა არ მოხდეს".
”ყველა მთავარი პრინციპი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს დაბალანსებული, არაერთპარტიული კონსტიტუცია. ეს არის ამოსავალი წერტილი. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ აჩვენოს მზადყოფნა კეთილგონივრული, რაციონალური კომპრომისისთვის, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული. ამაზე ვსაუბრობთ რა და როგორ შეიძლება, შევქმნათ საბოლოო დოკუმენტი, რომელიც თავის სახელწოდებას გაამართლებს, კონსტიტუციად იწოდებოდეს. დღევანდელი დოკუმენტი ამას არანაირად იმსახურებს. ის არის ერთპარტიული, საერთო თანხმობის გარეშე მიღებული, სადაც ყველა სერიოზული დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ არის” - განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე თქმით, თვითმიზანი კარგი კონსტიტუციის მიღება უნდა იყოს, ამისთვის კი კონსულტაციები გრძელდება.
"დაველოდოთ მოვლენებს, მართლა სურს თუ არა ხელისუფლებას კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს"- აღნიშნა ენმ-ს წევრმა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, შალვა შავგულიძის თქმით, ის ძირითადი პოზიციები, რაზეც ოპოზიცია შეთანხმებულია და რაც 20 პარტიის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ასახული, ისევ გაზიარებულია.
"კონსტიტუციასთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის უნარი გააჩნია სრულიად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, გარდა ქართული ოცნებისა, ვინაიდან კონსტიტუციის უმთავრეს დებულებებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი ხდება ქართული ოცნების გამოკლებით ყველა მოქმედ, ქმედით პოლიტიკურ ძალებს შორის"- განაცხადა მან.
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, პროპორციული სისტემის შემოღება და პრეზიდენტის არჩევის წესის შენარჩუნება დღის წესრიგიდან მოხსნა არ იგეგმება.
"ვენეციის კომისიაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დააფიქსირებს პოზიციას. დღეს მოვისმინეთ ხელისუფლების შემოთავაზება. შევთანხმდით გარკვეულ საკითხებზე და რაც შემიძლია ამ საკითხებთან დაკავშირებით გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ერთიანობას ვინარჩუნებთ, ვრჩებით პრინციპულები, თუმცა ამასთან ერთად ვიქნებით კონსტრუქციულები და მოქნილები. თუმცა ის პრინციპული საკითხები, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და რომელსაც ვენეციის კომისია იზიარებს, იქნება ბოლომდე დაცული"- აღნიშნა ქარდავამ.
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ძირეული საკითხები უცვლელი დარჩება.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მობილურობა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია რომ დიალოგისთვის მზაობა გამოვხატოთ. შესაბამისად იმ საკითხებზე რაზეც ახლა ვიმსჯელეთ საბოლოო დისკუსია პრეზიდენტის წარმომადგენელს ვენეციის კომისიაში, რის შემდეგაც საბოლოოდ საჯარო გახდება ყველა ის დეტალი რაზეც შევთანხმდით"- აღნიშნა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






