არავისთვის სიახლე არ არის, რომ საქართველოს დედაქალაქს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ქვეყნის მიერ თავისი მთავარი – სატრანზიტო – ფუნქციის შესრულებში, თუმცა, იმავდროულად, ისიც ყველამ ვიცით, რომ, ჯერ ერთი, ქვეყნის მესამედი ოკუპირებულია (დედაქალაქიდან 40-ოდე კილომეტრში გადის ერთ-ერთი საოკუპაციო ხაზი) და, რაც მთავარია, რთული გეოპოლიტიკური ვითარებაც არანაკლებ დამატებით საფრთხეებს გვიქმნის: ისლამურ სახალიფოსა და სირიაში დაუსრულებელ ომსაც რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ ეყარელი ქურთების მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამოცხადება და ამის გამო თურქეთის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდოს თურქეთსა და საკუთრივ თურქეთში მცხოვრებ ქურთებს შორის, რომლებსაც ზურგს აწ უკვე დამოუკიდებელი ქურთისტანი გაუმაგრებს (აქვე შეგახსენებთ, რომ ქურთები ერთ-ერთი ბრძოლისუნარიანი ხალხია. ისინი, ფაქტობრივად, მარტონი გაუმკლავდნენ ისლამური სახალიფოს ჯიჰადისტებს და გაყარეს თავიანთი ტერიტორიიდან, თურქეთის არმია კი მსოფლიო რეიტინგში მეექვსე-მეშვიდე ადგილასაა; აი, იმას, რომ თურქეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, შეხსენება, ვფიქრობ, არ სჭირდება).
ამ ფონზე, ცხადია, რომ მეტად აქტუალურია სამოქალაქო თავდაცვა, რომელიც ამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უდროოდ გარდაიცვალა და რის საბედისწერო შდეგიც ნათლად გამოაჩინა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა. გამომდინარე იქიდან, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია და იმის გათვალისწინებითაც, რომ სტიქიური უბედურებებიც მოგვეძალა (ხანძრით დაწყებული და მრწყერ–წყალდიდობებით დამთავრებული), ცხადია, ველოდით, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმაში ეს თემა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა. იმიტომ რომ თბილისის განვითარება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უსაფრთხო და დაცული ქალაქი იქნება.
რატომ არის აუცილებელი სამოქალაქო თავდაცვა, რა საფრთხეს უქმნის მისი არარსებობა დედაქალაქს და რატომ გამორჩათ გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მხედველობიდან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი? – თემას ბრიგადის გენერალთან, ანალიტიკოს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– განვუმარტოთ მკითხველს, რატომ არის აუცილებელი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო თავდაცვის განვითარება და რატომ მოკვდა ეს მიმართულება საქართველოში?
– დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინერციით შემორჩა სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურები, რომლებიც დაუფინანსებლობის და უცოდინრობის გამო, საბოლოოდ, მთლიანად განადგურდა. სკოლებში გაუქმდა საგანი “სამხედრო საქმე”, უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამებიდან კი თანდათან ამოიღეს სამოქალაქო თავდაცვის საკითხები. 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომმა ნათლად გამოაჩინა სამოქალაქო თავდაცვის აუცილებლობა. რა არის სამოქალაქო თავდაცვა, რა ადგილი უჭირავს მას ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად?! სამოქალაქო თავდაცვა არის სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილი. მისი მიზანია სახელმწიფოს და პიროვნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებია: მოსახლეობის და სამრეწველო-ეკონომიკური ობიექტების შეტყობინება საშიშროებების შესახებ როგორც მშვიდობიან, ისე საომარ ვითარებაში; მეცადინეობების, მოსახლეობის წრთვნებისა და სწავლებების ჩატარება; მოსახლეობის და მატერიალურ-კულტურული ფასეულობების ევაკუაცია უსაფრთხო რაიონებში; მოსახლეობისთვის თავშესაფარებისა და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოყოფა; შენიღბვის ღონისძიებების გატარება. ავარიულ-სამშველო სამუშაოების ჩატარება საომარი მოქმედებების წარმოებისას ან მის შედეგად წარმოქმნილი საშიშროებებისას; უპირველესად, საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას ან მის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მათ შორის სამედიცინო) დახმარების აღმოჩენა, თავშესაფრის და საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, სხვა საჭირო ზომების გატარება. საომარი მოქმედებებისას ან მისი წარმოების შედეგად წარმოქმნილ ხანძრებთან ბრძოლა. რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახის დასნებოვნების რაიონების აღმოჩენა და შემოფარგვლა, ამ რაიონებში დაზარალებული მოსახლეობისა და ფასეულობებისთვის სამაშველო სამუშაოების ჩატარება. დაზარალებულ რაიონებში წესრიგის აღდგენა-შენარჩუნება. კომუნალური სამსახურების ფუნქციონირების აღდგენა საომარ პერიოდში. დაღუპულების დასაფლავება. სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭირო ობიექტების დასაცავად და მოსახლეობის გადასარჩენად საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. რადგან საომარი მოქმედებების განახლების საშიშროება არ მოხსნილა და, ამას გარდა, ხშირია სტიქიური უბედურებები, განსაკუთრებით წყალდიდობები, აუცილებლად მიმაჩნია მძლავრი სამთავრობო სტრუქტურის შექმნა, რომელსაც დაეკისრება საქმოქალაქო თავდაცვის ფუნქციების განხორციელება. სამოქალაქო თავდაცვის შექმნაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის შექმნა. მოსახლეობის მომზადება. სასწავლო დაწესებულებებში უნდა ისწავლებოდეს სიცოცხლის უსაფრთხოების და თავის გადარჩენის საფუძვლები. ამისათვის საჭიროა სპეციალური პროგრამების შემუშავება და კადრების მომზადება. ჩვენ ათასობით თადარიგის ოფიცერი გვყავს, რომელთა დასაქმება მათ სოციალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და მათი გადამზადებაც გაცილებით იოლი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყანას არასდროს დასჭირდება სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების გატარება, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო მზად უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის მატერიალურ-კულტურული ფასეულობების დასაცავად.
–სამოქალაქო თავდაცვის რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კონკრეტულად თბილისში, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ ის დედაქალაქია, ამასთან, რომელშიც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის მესამედი და, სამწუხაროდ, სწორედ თბილისში იქმნება საქართველოს ეკონომიკური დოვლათის ორი მესამედი. თუ არის შემორჩენილი სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები თბილისში? მაგალითად, თავშესაფრები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში?
– შემორჩენილი, ალბათ, არის. საქმე ის არის, რომ არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე. აგვისტოს ომმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, როგორ დაეცვა თავი საჰაერო იერიშებისას. ასეთი მიდგომა მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ დაუშვებელია.
– თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას, თუ არის გათვალისწინებული თავშესაფრები?
– არა, რა თქმა უნდა. არათუ თავშესაფარები, უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არ არის დაცული. თბილისის ზოგიერთ რაიონში იმდენად ახლოს დგას ერთმანეთთან მაღალსართულიანი კორპუსები, რომ საჰაერო იერიშების ან მიწისძვრის დროს მოსახლეობა ევაკუაციისას ერთმანეთს გაჟლეტს. ზოგ ეზოში იქ მდებარე კორპუსების მაცხოვრებელთა მეხუთედიც კი ვერ დაეტევა ეზოში, რაც უსაფრთხო და ჩქარ ევაუაციას ხელს შეუშლის.
– ცნობილია, რომ მეტროპოლიტენია ერთ-ერთი მნივშენლოვანი ობიექტი სამოქალაქო თავდაცვაში, რომელის სადგურებთან მისასვლელები, ფაქტობრივად, ბლოკირებულია სავაჭრო ობიექტებით. რა საფრთხეს უქმნის ეს მოცემულობა დედაქალაქს?
– მართებულად აყენებთ საკითხს. ამ თემაზე ვესაუბრე თბილისის ამჟამინდელ მერს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გამოთავისუფლდა მეტროს ჩასასვლელები გარე მოვაჭრეებისგან, სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნები იყო. საუბარი არაა მხოლოდ საჰაერო საომარ მოქმედებებზე. მეტროში რაიმე სახის განსაკუთრებული სიტუაციებისას მგზავრთა ევაკუაცია შესაძლოა, სასწრაფოდ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, ევაკუაცია სტიქიურად განხორციელდეს, არაა გამორიცხული პანიკური ვითარებაც, არ მინდა აღვწერო კონკრეტული სიტუაციები, რომ არ დავაფრთხო მკითხველი. ამ დროს კატეგორიულად დაუშვებელია მეტროპოლიტენის შესასვლელების ჩახერგვა დახლებით, გარე ვაჭრობის ობიექტებით, ჯიხურებით. მისასალმებელია, რომ ბევრი ჩასასვლელი მოწესრიგდა, იმედია, ეს მიდგომა შენარჩუნებული იქნება. მაგრამ, ამ მხრივ, ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი.
– თუ არსებობს თბილისის მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა? იქნება ეს მოწინააღმდეგის თუ სტიქიის შემოტევა?
– არ ვიცი, არსებობს თუ არა. თუ არსებობს, მის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მოსახლეობას მშვიდობიანობის პერიოდში, რადგან ომის ან სტიქიის დროს ვერაფერს მოვასწრებთ. წინასწარი შეტყობინების სისტემა, სკოლებში სამოქალაქო უსაფრთხოების საფუძვლების სწავლება და უამრავი სხვა საკითხია აუცილრბლად მისახედი. 2008 წელს დავწერე სტატის ამ თემაზე და, სამწუხაროდ, ყურადღება არ მიექცა. არც ახლა ექცევა სათანადო ყურადღება. თითქოს სკოლის პროგრამებში შეაქვთ ცვლილებები სამოქალაქო თავდაცვის ელემენტების დანერგვის მიზნით. კარგი იქნება, თუ სამხედრო და უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებთან გაივლიან სათანადო კონსულტაციებს.
– თბილისის მერიამ წარმოადგინა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, უნდა ითვალისწინებდეს თ უარა მსგავსი გეგმა სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს და რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას, თუ მისი დედაქალაქი მოუმზადებელია, სამოქალაქო თავდაცვის მხრივ?
– არა მხოლოდ თბილისის, სხვა დიდ ქალაქებშიც უნდა იყოს გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების არსებობა. როდესაც მოსახლეობამ არ იცის, რა უნდა გააკეთოს განსაკუთრებულ სიტუაციებში, არ იცის, სად წავიდეს, სად შეაფაროს თავი, დარჩეს საცხოვრებელ ფართში თუ, პირიქით,მ სასწრაფოდ დატოვოს ის, შესაძლოა მსხვერპლის ან დაშავებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირორიტეტია. ჩვენ კი მეოთხედი საუკუნეა, ინერციით მოვდივართ, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად უნდა მიეხედოს.
– რა გეოპოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას საქართველოს დედაქალაქი როგორც რეგიონში, კავკასიაში, ისე მეზობელ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით და უნდა იყოს თუ არა ეს მომენტები გათალისწინებული თბილისის განვითარების გენგეგმაში და თუ არ არის, რა დამატრბით საფრთხეებს ქმნის?
– ყველა მოქალაქემ იცის, რომ მსოფლიოში ვითარება იძაბება: ფაქტობრივად, გაყინულია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები, უცვლელია ვითარება დონბასში, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდების პერსპექტივა არ უჩანს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველომ რამდენიმე ომი გადაიტანა და საოკუპაციო ძალა ჩვენს მიწა-წყალზე სულ უფრო ძლიერდება. იმის გარანტიას, რომ საქართველო ახალ ქარცეცხლში არ გაეხვევა, ვერავინ მოგვცემს. ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ სამოქალაქო თავდაცვის შემორჩენილი (ბევრი, ალბათ, უკვე გაყიდულია, ისევე, როგორც, მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ არსებული) ობიექტების ინვენტარიზაცია და მოწესრიგება. იმიტომ რომ მსგავსი საკითხების გაუთვალისწინებლობა და მოუმზადებლობა კატასტროფად შეიძლება, შემოუტრიალდეს ქვეყანას.
ნანა მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






