რატომ მოუწევთ თბილისელებს მანქანების გაყიდვა და ფეხით სიარული გენგეგმით - ვინ არის კუნთმაგარი და გონებასუსტი
პოლიტიკა - 10:18, 04 Oct, 2017     63955
თბილისელებმა იციან, ანუ ვიცით, რომ ამ ქალაქში სუნთქვაც შეუძლებელია და უკვე გადაადგილებაც; და მხოლოდ ავტომაგისტრალებს ვინ ჩივის, ტროტუარებზეც კი, იმიტომ რომ საფეხმავალო გზებიც ავტომობილებს აქვთ ოკუპირებული. მეორე მხრივ, ვერც მხოლოდ მძღოლებს დავადანაშაულებთ: ოცდამეერტე საუკუნეში დედაქალაქის მეცხრამეტე–მეოცე საუკუნეების საგზაო ინფრასტრუქტურა ვეღარ უზრუნველყოფს ამდენი ავტომანქანის გამტარიანობას. ან კი როგორ შეძლებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის მესამედი (თუ უფრო მეტი არა) თბილისში ცხოვრობს და, შესაბამისად, საქართველოს ბებერი ავტოპარკის მესამედიც თბილისის ვიწრო ქუჩებში მოძრაობს?!


ერთი სიტყვით, პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვანი, მეტიც, საბედისწეროა: იმიტომ რომ ერთ არამშვენიერ დღეს დედაქალაქი უბრალოდ გაჩერდება (თუ მანამდე სახიფათო ზღვრამდე დაბინძურებულმა ჰაერმა არ მოგვიღო ბოლო ან ჟანგბადის გარეშე სუნთქვა არ დავისწავლეთ). რაკი პრობლემა სასწრაფოდაა გადასაჭრელი, თბილისელების ერთი იმედი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იყო, რომელსაც, წესით, უნდა მოეგვარებინა ეს (და არა მხოლოდ ეს) პრობლემა და მისი შემკვეთები (თბილისის მერია) და კონკურსით გამოვლენილი შემსრულებელი „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კიდეც გვაიმედებენ, რომ მოაგვარებს.

თუმცა მხოლოდ გვაიმედებენ, მოლოდინი კი ნაადრევი და უიმედოა: იმ მარტივი მიზეზით, რომ ხსენებული გენგეგმა (თუ ის საკრებულომ დაამტკიცა) პრობლემას სტალინური პათოსით გადაჭრის: არ არის ადამიანი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის კერძო ავტომანქანანიანი ადამიანი), არ არის პრობლემა.

მართალია, გეგმის ავტორები სატელევიზიო ეთერებში ლამის კონსტიტუციაზე იფიცებენ, რომ მსგავსი არაფერი განუზრახავთ, მაგრამ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის „ეპილოგში“ შავით თეთრზე ვკითხულობთ (მომყავს ციტატა): „წარმოვიდგინოთ 2030 წლის თბილისი (2030 წელი შემთხვევით არ არის ნახსენები, სწორედ 2030 წლამდე პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებს ეხება გენგეგმა)… მისი სახელისა და ისტორიის საპირწონედ ქალაქი მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის თბილ გარემოს უზრუნველყოფს (თუ გავიხსენებთ, რომ „საპირწონე“ საპირისპიროს ნიშნავს, გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ გენგეგმის ავტორებს თბილისი ისტორიულად ცივად?!). ქალაქი იზიდავს ახალ ბიზენსებს საერთაშორისო კონკურნტუნარიანი ცხოვრების პირობების წყალობით… ქალაქში ხალხს არ სჭირდება კერძო ავტომობილები, ყველაფერი ფეხის სავალ მანაძილზე ან გამართული საჯარო ტრანსპორტითაა მისაწვდომი.“

რაკი გენგეგმის „ეპილოგი“, ზურიკელას მიერ მერისთვის მიწერილი წერილის პათოსითაა გამსჭვალული, როგორც ილარიონი იტყოდა, მის ავტორებს აქ ცოტა შეეშალათ, ვინაიდან, თუ თქვენი სამსახური თქვენი საცხოვრებელი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე არ არის, მისაწვდომი როგორ იქნება?! მეტიც, ვითომ სტუმრადაც მხოლოდ მისაწვდომ მანძილზე მცხოვრებ ნაცნობ–მეგობრებთან უნდა ვიაროთ?!

ოპონენტი შემეკამათება: რომ გადაადგილება საჯარო ტრანსპორტითაცაა შესაძლებელი (და მერე რა, თუ თქვენი ავტომანქანით გადაადგილება უფრო გსიამოვნებთ?! თბილისის ნათელი მომავალი მოითხოვს, რომ თბილისელებმა და მისმა სტუმრებმა იარონ ფეხით!). რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ საჯარო ტრანსპორტი გამართულად მუშაობდეს.

რაკი გენგეგმის ავტორებიც გვპირდებიან „გამართულ საჯარო ტრანსპორტს“, გადავშალოთ ხსენებული „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების მეხუთე ტომი“, რომელიც ტრანსპორტსა და საინჟინრო ინფრასტრუქტურას ეხება და მოვნახოთ თავი: „ინდივიდუალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.

მომყავს ციტატა: „შემოთავაზებული სატრანსპორტო ქსელი ემყარება იერარქიულ სტრუქტურას, რომლის საყრდენსაც წარმოადგენს მეტროს ხაზები. მიუხედავად იმისა, რომ სასურველია ხაზი-1-ის გაფართოება ორივე მიმართულებით – ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე მჭიდრო დასახლებულ არეალებში, წარმოდგენილი კონცეფცია ამას არ ითვალისწინებს; მიჩნეულია, რომ ეს არარეალისტურია 2030 წლამდე!“

თუ 2030 წლამდე დედაქალაქის მიწისქვეშა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება შეუძლებელია,ხოლო თბილისელებს კერძო ატომობილები აღარ დასჭირდებათ, როგორ იქნება მისაწვდომი ყველაფერი გამართული საჯარო ტრანსპორტით“?!

ოპონენტი, სავარაუდოდ, აქაც შემეკამათება: როგორ და ავტობუსებით! და მართალიც იქნება, ვინაიდან ავტობუსებიც საჯარო ტრანსპორტია, ამიტომაც ახლა უკვე გენგეგმის ის თავი გადავფურცლოთ, რომელიც ავტობუსებს ეხება (თავის სახელწოდებაა: „ქალაქის ავტობუსი, M3 და M2 კატეგორია).

მომყავს ციტატა: „მიწათსარგებლობის გენგეგმის მიზანს არ წარმოადგენს ავტობუსების (M3 და M2 კატეგორია) მარშრუტების მოძრაობის სქემების დადგენა 2030 წლამდე. თუმცა ის ქალაქს სთავაზობს ავტობუსების მოხმარების ძირითად კორიდორებს (იგულისხმება დერეფნები). საჭიროა კვლევის საფუძველზე მოხდეს ავტობუსების (M3 და M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დადგენა, ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლა და არსებული სქემების რეორგანიზაცია.“

როგორც ვხედავთ, გენგეგმით, 2030 წლამდე არც ავტობუსების მარშრუტების სქემებიდადგენილი. თუმცა ავტორები რჩევას იძლევიან, კვლევით დაადგინეთო, მაგრამ „ეპილოგში“ გვარწმუნებენ, რომ 2030 წლის თბილისში მოქალაქეებს კერძო ავტომობილები აღარ დასჭირდებათ, რადგან გამართული საჯარო ტრანსპორტი იმოძრავებს.

ოპონენტი შესაძლოა, ისევ შემეკამათოს, რომ მანძილის დაფარვა ველოსიპედებითაცაა შესაძლებლი. და მართლაც, ველოსიპედებით მოძრაობა ევროპელებსაც დაგვამსგავსებს, თბილისის უჟანგბადო ჰაერსაც დაიცავს გამონაბოლქვისგან და, რაც მთავარია, ჯანმრთელობასაც გაგვიკაჟებს. ამიტომაც გადავშალოთ გენგეგმის ის თავი, რომელიც დედაქალაქში ველოსიპედების მოძრაობას ეხება (თავის სახელწოდებაა „ველოსიპედების მოძრაობა“).

მომყავს ციტატა: „გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მნიშვნელოვნად თვლის, რომ ქალაქში განვითარდეს ისეთი სახის საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელი, რომელიც პირველ ეტაპზე დააკავშირებს რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს, როგორიცაა გამწვანებული სივრცეები, უნივერსიტეტები და სარეკრეაციო არეალები. წარმოდგენილი საფეხმავლო და საველოსიპედო სქემა ითვალისწინებს თბილისში მტკვრის ორივე სანაპიროსა და ქალაქის ცენტრის დაკავშირებას, გამწვანებული სივრცეების გაერთიანებას, არსებული საფეხმავლო ბილიკების გაუმჯობესებასა და მოუწესრიგებელი სივრცეების კეთილმოწყობას.“

იმ მარტივი მიზეზით, რომ საველოსიპედო ბილიკი ჯერჯერობით მხოლოდ პეკინის ქეჩაზეა (სადაც მარტო წინ და უკან თუ ისეირნებ), აშკარაა, რომ ყველაფრის მისაწვდომობაში ვერც ველოსიპედისტობა დაგვეხმარება, სანამ მთელი დედაქალაქი არ დაიქსელება საველოსიპედო ბილიკებით (იმასაც რომ თავი დავანებოთ, იცით თუ არა ველოსიპედის ტარება ან გინდათ თუ არა, მაინცდამაინც, ველოსიპედით გადაადგილება).

თუმცა გენგემის ავტორებს მთლად უიმედოდაც არ დავუტოვებივართ, თავში სახელწოდებით: „ გადასაკეთებელი სივრცეეების კეთილმოწყობა“, ვკითხულობთ: მოცემული სქემის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს თბილისში არსებული ქუჩების მორგებას ქვეითებზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს იცხოვრონ ფიზიკურად აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობაში საქალაქო კუთვნილების გრძნობის ზრდას და გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქალაქის ცხოვრების დონეზე.“

ხოლო, რადგან 2030 წლის თბილისში, გენგეგმის ავტორთა მტკიცებით, ხალხს აღარ დასჭირდება კერძო ავტომობილები, მეტროს გაფართოება და ავტობუსების გამართული ქსელის მოწყობა კი ვერ მოესწრება, ვერც საველოსიპედო გზებით თბილისის დაქსელვა, ჩნდება ეჭვი, რომ 2030 წლის თბილისის გზებზე მხოლოდ პატიოსანი გვამები იმოძრავებებ სამსახურებრივი ავტოებით, უბრალო მოკვდავები კი ფეხით სიარულით გაიკაჟებენ ჯანმრთელობას, თუ, რა თქმა უნდა, ამდენ სიარულში უდროოდ არ ამოხდათ სული (ჯვარი გვწერია!).

P. S. რაც მთავარია, გენგეგმის ავტორები მიუთითებენ, რომ მათი წინადადებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და კვლევებით ესაჭიროება დაზუსტება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გენგეგმა ქალაქის სამოქმედო დოკუმენტია და მასში კვლევებით გამყარებული კონკრეტული აქტივობები უნდა იყოს ჩამოყალიბებული დედაქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ჩნდება ეჭვი, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებს თბილისის მცხოვრებლები არა მხოლოდ კუნთმაგრები (ფეხით ამდენი სიარულისგან კუნთები აშკარად განგვივითარდება), გონებასუსტებიც ვგონივართ.

ნანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42