მამა გიორგი ზვიადაძე ადასტურებს, რომ წელიწადნახევრის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მისივე ქორეპისკოპოსს ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერის და საპატრიარქოს ქონების განკარგვის უფლება ჩამოართვა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადასცა.
პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ილია მეორეს ამ გადაწყვეტილებამ მაშინ ქორეპისკოპოსი იაკობი გაანაწყენა. ზვიადაძე ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, მალევე საპატრიარქოს ქონების განკარგვა და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება პატრიარქმა ისევ ქორეპისკოპოსიაკობს დაუბრუნა.
"ამან მაშინ გარკვეულწილად გაუგებრობა, შეიძლება ითქვას განაწყენება გამოიწვია. შესაძლოა პატრიარქმა ეს ვერ გაითვალისწინა, რომ მის გადაწყვეტილებას ადამიანური განაწყენება მოჰყოლოდა. ამ ფუნქციით სხვა ადამიანი იყო აღჭურვილი. სამართლებრივად, რა თქმა უნდა, პატრიარქს ჰქონდა უფლება მიენიჭებინა უფლებამოსილება რომელიმე სასულიერო პირისთვის"- განაცხადა სასულიერო პირმა ,,კურიერთან".
მამა გიორგი ზვიადაძემ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება იაკობსა და უკვე მსჯავრდებულ დეკანოზს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების გამო მოხდა.
რაც შეეხება "ციანიდის საქმეს" ზვიადაძის თქმით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ისიც ელოდება.
"მამა გიორგი მამალაძეს ვიცმნობ, მას ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშირდება. როცა წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ ნდობას უცხადებს გამოძიებას, გამომდინარეობს იქიდან, რომ სინოდს გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. სასიხარულო და ღირსების შემძენი იქნება ის, თუ მამა გიორგი იქნება უდანაშაულო"- აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.
მამა გიორგი ზვიადაძე საპატრიარქოში უწმინდესის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, გავლენებზეც საუბრობს და ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში გავლენით სარგებლობს, თუმცა მისი გავლენა კანონის ფარგლებს არ სცდება.
"ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება პატრიარქის გვერდით ეხმარება პატრიარქს, მუშაობს საპატრიარქოში, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ როგორ არის ეს გავლენა გამოყენებული, ეს არის მთავარი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საპატრიარქოს ქონებას პატრიარქის მდივან რეფერანტი არ განაგებს"- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
თეთრი სამღვდელოების უმაღლესი იერარქი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ჯგუფი ეკლესიის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობს.
"გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და მღვდელმსახურები ადამიანები არიან, ყოველთვის შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ მდგომარეობას, რაც საეკლესიო მოძღვრებით არასდროს არ არის მისაღები. ყოველგვარი ქვედა დინება, ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ შენ რამე მიისაკუთრო, ისჯება ღვვთის მიერ"- დასძინა მან.
მამა გიორგი ზვიადაძის მტკიცებით, დღეს საპატრიარქოში სიტუაციას სრულად ილია მეორე აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები






