ამ ქალაქში, ცხონებული ნიკო გომელაურის თქმისა არ იყოს, „ყველაფერი მოსულა“. „მოსულა“, მაგალითად, ის, რომ თბილისის მმართველობით ორგანოებში გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ასევე, ისიც „მოსულა“, რომ ამ პატარა ქვეყნის დედაქალაქს ჩინოვნიკები თუ მათთან დაახლოებული ე.წ. ბიზნესმენები ისე უყურებდნენ, როგორც ფულის საჭრელ მანქანას. ჰოდა, ამ დალოცვილ თბილისში მშიერმუცელა თბილისელების ხარჯზე ვიღაცები მდიდრდებიან და ჯიბეებს ისქეელებენ. ახლა, ამ თემაზე საუაბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ, ჯობია, კონკრეტიკაზე გადავიდეთ. კონკრეტიკა კი ასეთია:
იმის თაობაზე, რომ თბილისის ე.წ. გენგეგმის კონკურსში „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ კანონდარღვევით გაიმარჯვა, უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ის, რასაც კულუარებში ამბობენ, საჯაროდ ჯერ არ გაჟღერებულა.
ზოგადად, ამის დამადასტრებელი დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ გონივრული ეჭვის საფუძველზე ამბობენ, რომ ცალკეულმა ბიზნესჯგუფებმა გენგეგმის პროექტში გარკვეული მუხლები იყიდეს, ანუ თითქოს თანხა გადაიხადეს, რომ გენგეგმაში ის დეტალები ჩაწერილიყო, რომელსაც მომავალში პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ.
ამასთან, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ გენგეგმის ცალკეული პუნქტები ამა თუ იმ ბიზნესჯგუფს სოლიდური თანხა დაუჯდა. საუბარია, დაახლოებით, 800 ათას ევროზე, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მხოლოდ გონივრული ეჭვია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს.
ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კულუარებში ყვებიან.
მოგეხსენებათ, სამი წლის წინ, როცა მერობის კანდიდატად დასახელდა, დავით ნარმანია პირობას დებდა, რომ მისი, როგორც მერის მთავარი მიზანი თბილისის გენგეგმის შექმნა იქნებოდა. ჰოდა, ზუსტად მაშინ, როცა მერის კარიერას ამთავრებს, „ნარმომ“ „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ ე.წ. გენგეგმა „გამოაცხობინა“, მაგრამ აი, სწორედ აქ იწყება „თავდავიწყება“, ანუ კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ის დოკუმენტი, რომელიც „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ მოამზადა, სინამდვილეში, „ნაციონალების“ მიერ შექმნილი თბილისის გენგეგმის ასლია.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2009 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს, შეიქმნა თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის სრული დატვირთვით ამუშავებაც „ნაციონალებმა“ ვერ შეძლეს, რადგან 2012 წელს ხელისუფლებიდან წასვლა მოუწიათ.
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიაში „ოცნების“ გუნდი მივიდა, ნარმანიას ხელმძღვანელობით, „ნაციონალების“ გენგეგმა გაქრა. მოგვიანებით კი, იმ გენგეგმიდან მთელი პუნქტები „სიტი-ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შექმნილ გენგეგმის პროექტში დაკოპირდა, თურმე. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ „ნაციონალების“ დროს შექმნილი თბილისის გენგეგმა არც ინტერნეტში იძებნება.
იმ შემთხვევაში, თუ ეს კულუარული ინფორმაცია დადასტურდება, გამოვა, რომ ადგილი ჩვეულებრივ პლაგიატს, ანუ ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას აქვს, რაც კანონით დასჯადია, თუმცა იმ ფონზე, როცა იგივე „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“, რომელმაც გენგეგმის კონკურსში მონაწილეობა, გავრცელებული ინფორმაციით, კანონდარღვევით მიიღო და ამის გამო მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, ძნელი დასაჯერებელია, რომ ვინმე დაისაჯოს.
არადა, ექსპერტების აბსოლუტური უმეტესობა ამტკიცებს, რომ „სითი-ინსტიტუტის“ მიერ შექმნილი ე.წ. გენგეგმა დოკუმენტი კი არა, უბრალოდ, ქაღალდების გროვაა. ამიტომაც, როგორც პროფესიონალი ურბანისტები და არქიტექტორები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ამ მოწვევის საკრებულო, რომელსაც უფლებამოსილების ვადა სამ კვირაში ეწურება, გენგეგმას მაინც დაამტკციებს, თბილისის ახალი მერი და ასევე, ახალი საკრებულო იძულებული გახდება, ეს ე.წ. გენგეგმა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, გააუქმოს და თბილისის განვითარების ახალი დოკუმენტი შექმნას.
ეს ყველაფერი კი ისევ ქალაქის ბიუჯეტს დაუჯდება ძვირი, რადგან იგივე „სითი-ინსტიტუტს“ მერიამ, მინიმუმ, 3 მილიონამდე თანხა გადაუხდა, რომ ე.წ. დოკუმენტი შეექმნა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისის გენგეგმა საჯილდაო ქვის ფუნქციას მომავალშიც შეასრულებს და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ამის ნიადაგზე მმართველ პარტიაში დიდი განხეთქილება დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






