ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მათ გამარჯვება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშემ, ვიცე–პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმაც მიულოცეს.
საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობდნენ. მათ პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში იმყოფებოდნენ.
ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, წელს დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაემგზავრნენ.
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს. 

მასალის გამოყენების პირობები






