"საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობის“ სახელით, მინდა, მოგმართოთ თბილისის მერობის კანდიდატებს და შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება და შენიშვნა ქალაქის განვითრებაზე.
ბუნებრივია, ბევრი თქვენგანის მოსაზრებები განსაკუთრებული ინტენსიობით ჟღერდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც, ჩემი აზრით, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ და საინტერესო იქნებოდა ამ კუთხით თქვენი აზრის გაგებაც.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც მთელი რიგი დოკუმენტების გაერთიანებას უნდა წარმოადგენდეს და რომლის მიხედვიდაც უნდა ვითრედებოდეს ჩვენი დედაქალაქი. ეს დოკუმენტებია - თბილისი განვითარების სტრატეგია, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, განაშენიანების რეგულირების გეგმა და ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა.
მხოლოდ ამ დოკუმენტების ერთობლიობის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს ჩვენი დედაქალაქის გეგმაზომიერი და სისტემური განვითარება, ნაცვლად დღეს არსებული ანარქიისა და ქაოტური ურბანული დანაშაულებისა.
საინტერესო იქნებოდა მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე, მაგრამ როგორც ვაკვირდები, ამ თემის განხილვა არ დგას ბევრი თქვენთაგანის დღის წესრიგში და ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებსაც აჩენს.
სამწუხაროდ მერობის კანდიდატების უმრავლესობას (გარდა ნაციონალური მოძრაობის და ხოშტარიას დადებითი პოზიციისა) მკაფიოდ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია დღეს განხილვის პროცესში მყოფი დოკუმენტის - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების შესახებ.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს თემატიკა მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატს აინტერესებს და ისიც იმ ჭრილში, რომ ვითომ ეს დოკუმენტი არ არსებობს ბუნებაში და მხოლოდ მისი მერობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ასეთი ტიპის დოკუმენტის პროფესიონალურ დონეზე შექმნა.
არადა ამ ნაშრომზე უკვე 4 მილიონამდე ლარია დახარჯული და მისივე პოლიტიკური გუნდის წევრის, დღევანდელი მოქმედი მერის ხელმძღვანელობით შექმნილ უმთავრეს დოკუმენტს წარმოაგენს მთელი ამ 3 წლის განმავლობაში.
ასევე ვერცერთი თქვენგანისგან ვერ მოვისმინე ე.წ.“ბრაუნფილდების” (ყოფილი სამრეწველო ზონები, სამხედრო ტერიტორიები, ბარაკული ტიპის დასახლებები) განვითარების გეგმის შესახებ
ალბათ უპრიანი იქნებოდა რომ შეგეთავაზებინათ ქალაქის ე.წ. საინვესტიციო უბნების კონცეფცია: – ქალაქი გამოყოფს სამშენებლო უბნებს, წარმოადგენს არქიტექტორულ პროექტს ამ უბნისთვის, უზრუნველყოფს უბანს კომუნიკაციებით, აცხადებს ტენდერს მშენებლობის უფლების მოპოვებისთვის და მშენებლისაგან ითხოვს საბინაო ფონდის 10%–ის სოციალური საცხოვრისისთვის გამოყოფას. მსგავსი მიდგომა მსოფლიოს მრავალ ქალაქშია აპრობირებული და უამრავ პრობლემას მოუხსნიდა თბილიის მისი ცხოვრებაში განხორციელების შემთხვევაში.
ყველამ ვიცით, რომ თბილისი დოტაციური ქალაქია და მე ჯერ არცერთი კანდიდატისგან არ მომისმენია თუ როგორ შეიძლება იშოვოს ქალაქმა ფული და როგორ გაზარდოს თავისი შემოსავლები. ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ახალმა მერმა დააყენოს საკითხი და მოითხოვოს თბილისელებისთვის წართმეული და საპარტნიორო ფონდისთვის დაუკითხავად გადაცემული ქ.თბილისის მერიის 25%-იანი წილი სს ”თელასში”. ამ ფინანსური აქტივების დაბრუნება მნიშვნელოვნად წაადგებოდა ქალაქის ბიუჯეტს და მშვენიერი იარაღი იქნებოდა მთელი რიგი სოციალური საკითხების დასარეგულირებლად.
ასევე სრულიად შესაძლებელია საკანონმდებლო რეგულაციების საშუალებით უნდა მოხდეს ქალაქში წარმოებულ სამშენებლო და სხვა სამუშაოებში ადგილობრივად წარმოებული მასალების გამოყენების ვალდებულების შემოღება, რაც წაახალისებს ადგილობრივ ბიზნესს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
იქნებ ისიც გაითვალისწინოთ ან შეგვპირდეთ მაინც, რომ თქვენ მოახერხებთ და აიძულებთ მარეგულირებელი კომისიებს, რათა მათ დავალდებულონ თელასი, ყაზტრანსგაზი, თბილწყალი ("ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"), დასუფთავების სამსახური გააფორმონ კოლექტიური ხელშეკრულება მოსახლეობასთან, სადაც გაწერილი იქნება მხარეების უფლება–ვალდებულებები და თბილისელები არ იქნებიან ამ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების უუფლებო მძევლები.
ეკოლოგიას ბევრი ასახელებთ უპირველეს პრიორიტეტად და ამ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა რომელიმე თქვენთაგანს მაინც გამოეთქვა ინიციატივა შეიქმნილიყო თბილისის მდინარეების და წყალსაცავების კონტროლის სპეციალური სამსახური, რომლის უპირველესი საზრუნავი იქნება დედაქალაქის წყლის სივრცის მოვლა-პატრონობა. ცნობისათვის თბილისში არსებობს 60-მდე მდინარე და 10-მდე ტბა, რომლებიც მისი ბუნებრივი და ურბანული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მოგეხსენებათ თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ქალაქის მთავარი საწყალნოსნო არტერია მდ. მტკვარი, სპეციალისტების აზრით ასეთივე მძიმე მდგომარეობაშია სხვა წყლის ობიექტებიც. გარდა ამისა მერიაში დევს დოკუმენტი, რომელსაც კაცი არ ყავს პატრონი. ეს არის მდ.მტკვრის განვითარების სტრატეგია, რომლის შექმნაშიც საკმაოდ დიდ თანხაა გადახდილი ბიუჯეტიდან.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგალითად ე.წ. "ტაქსაობის" საკითხის დარეგულირების, ლიფტების უსაფრთხოების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების, სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის გაზრდის და სხვა ბევრი საჭირბოროტო საკითხის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ წერილის ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას.
უბრლოდ შეგახსენებთ, რომ სახალხო თვითმმართველობა ნიშნავს პირდაპირი დემოკრატიას და რეალური დემოკრატიის ასამუშავებლად გთავაზობთ ქალაქის ახლად არჩეულ თვითმმართველობას და მმართველობასაც, რომ თბილისში ამოქმედდეს ელექტრონული საქალაქო პლებისციტი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. არაფერია აქ რთული და გაუკეთებელი, არც ახალი იდეაა, კარგად გამოცდილი "ველოსიპედია" და უბრალოდ პოლიტიკური ნება ჭირდება მის ამოქმედებას.
ხოდა ჩემო კარგო და კეთილო ქ.თბილისის მერობის კანდიდატებო, დაუჭირეთ ამ იდეას მხარი და ავამოქმედოთ ეს პროექტი და ვკითხოთ თბილისელებს რა აზრის არიან ამა თუ იმ დიდი პროექტების განხორციელება არ განხორციელებაზე: - ქალაქის გენ.გეგმა და "ხრუშოვკები", ერთი მილიონი ხის დარგვა და ქუჩის გაფართოვება-გაცალმხრივება; ესტაკადა თუ ახალი ხიდი და ა.შ. და ა.შ..
ნუ შეგეშინდებათ პატივცემულებო დემოკრატიის და ვკითხოთ აზრი თბილისელებს"- აღნიშნავს გოგი ლორთქიფანიძე.
მასალის გამოყენების პირობები






