ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ საელჩო ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს და იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა კომუნიკაციის შედეგად გამოსწორდება:
„მსგავსი პრეცენდენტი არ დაფიქსირებულა ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ და ჩვენ ამას გაუგებრობას ან ზედმეტ სიფრთხილეს დავაბრალებთ და კომუნიკაციის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ გამოსწორდება ის მიდგომა, რაც დღევანდელ განცხადებაშია ასახული.’- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
თბილისის, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქის სტატუსზე ამახვილებს ყურადღებას დედაქალაქის მერიც, მისი თქმით საელჩოს მიერ გავრცლეებულ რეკომენდაციებში არის ყურადსაღები საკითხები, რომლის მოგვარებასაც დედაქალაქის მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს:
„ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია. რაიმე არსებით საფრთხეს მე ამ თვალსაზრისით ვერ ვხედავ. გარკვეული საკითხები, რომელიც მათი მხრიდანაა გამოყოფილი, ბუნებრივია ყურადღება მისაქცევია, მაგალითად საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობა, დაიდგმება ბიო ტვალეტები და გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები. ასე რომ ყველაფერი იქნება გათვალიწინებული.“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, საქართველო ცდილობს იმ სტანდარტებს მიუახლოვდეს, რომელიც ტურისტული ცენტრის პრეტენზიის მქონე ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამიტომ მინისტრის თქმით, ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება:
„ბუნებრივია ყველა ის შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გამოთქვამენ, ჩვენ ნელ-ნელა იმ სტანდარტებისკენ მივდივართ, რომელიც უნდა დაიცვას ყველა იმ ქვეყანამ, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს ტურისტული ცენტრი.“- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
იმას რომ საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ აღარ მიიჩნევენ, სამწუხარო ფაქტს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი:
„ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები აფრთხილებენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობდეს და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო რომელიც რამდენიმე წლის წინ ევროპაში იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, დღეს ასეთი აღარ არის“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩო, საქართველოში, 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე , საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს და აფრთხილებს.
საელჩოს ცნობით, კრიმინალის დონე თბილისში დაბალია, თუმცა პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში, საღამოს საათებში, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა. „არსებობს შემთხვევები ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის და შეურაცხყოფის შესახებ.“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოში ავარიები საკმაოდ ხშირად მოვლენაა, რაც ძირითადად მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული.
მასალის გამოყენების პირობები






