ქუთაისის პარლამენტის შენობასთან, „დაიცავი კონსტიტუციას“ ფარგლებში გაერთიანებული პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებასა და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ერთ პარტიაზე და ერთ ადამიანზე კონსტიტუციის მორგებას არ უნდა შეეგუონ, არც პოლიტიკური ძალები და არც სამოქალაქო საზოგადოება:
„დღეს, საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს. ცვლის ხელისუფლების ცვალებადობის პრინციპს, რომელიც არის უმთავრესი პრონციპი დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ვფიქრობ რომ არც პოლიტიკურ პარტიებს, არც სამოქალაქო საზოგადოებას და არც ზოგადად ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება შევეგუოთ იმას, რომ ერთ პარტიაზე, ერთ ადამიანზე ხდება საქართველოს კონსტიტუციის მორგება. კონსტიტუცია არის ყველა მოქალაქის თანაცხოვრების წესი, დღეს კი აპირებენ ეს კანონთა კანონი მოარგონ თავის ინტერესებს.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 4 პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა:
„პარტია არის ის, რომელიც წარმოდგენილია თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკით, ეს ადამიანები, რომლებიც ოდესღაც რომელიმე პარტიას წარმოადგენდნენ და ბევრი მათგანი, ყველაზე არ ვამბობ, შეიძლება არც იგუგლება ინტერნეტში. ეს არის რაღაც ფონის შექმნნის მცდელობა, ეს ერთის მხრივ კარგია და ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ხვდება, ეს ერთპარტიული კონსტიტუცია დიდხანს ვერ იმუშავებს.“- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
ქარდავამ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში პროცესების განვითარების შესახებაც გააკეთა პროგნოზი, მისი თქმით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი მაინც არ უნდა მოაწეროს:
„მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს და ხელს არ მოაწერს მიუხედავად იმისა, დაიძლევა თუ არა მისი ვეტო. ასეთი ერთპარტიული კონსტიტუცია, რომელსაც ყველაზე დაბალი ლეგიტიმაცია ექნება, დიდხანს არ იმუშავებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კონსტიტუცია ყველას კონსტიტუციად იქცეს. არის პოლიტიკური ძალები, რომელთაც თავის დღის წესრიგი აქვთ, არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც თავისი ბერკეტები აქვს. დოკუმენტს ასამუშავებლად დარწმუნებული ვარ, რომ ვეტოს დაძლევა დასჭირდება. ვნახოთ შემდგომ. დღევანდელი დღე არ არის გადამწყვეტი, თუმცა არც დღეს ვაპირებთ, რომ მშვიდად ჩაიაროს იმ უმსგავსობამ, რომელსაც აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. აქ შეკრებილია „დაიცავი კონსტიტუცია“-ს ფარგლებში გაერთიანებული პარტიები, მიუხედავად ჩვენი შეხედულებების განსხვავებისა, ამ საკითხში ვართ ერთიანი. ჩვენი მთავარი ამოცანააა, რომ ქართულ საზოგადოებას დავანახოთ და პარლამენტარებს შევახსენოთ, რომ ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება არის მსუბუქად რომ ვთქვათ უდიდესი შეცდომა.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






