ამის შემდეგ, კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ ერთ ან 2 კანდიდატს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭს უყრიან. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება.
"ახლა უკვე როგორც ამბობენ, ბურთი მათ მოედანზეა. მე სამივე კანდიდატს ვუსურვებ წარმატებულ გასაუბრებას, იმისთვის, რომ ევროსაბჭომ უკვე კონკურსის მესამე ეტაპზე კენჭი უყაროს სამთაგან საუკეთესოს." - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს მთავრობას კონკურსის გამოცხადება 3-ჯერ მოუწია. ევროსასამართლოს ექსპერტთა საბჭომ პირველი სამეული ნანა მჭედლიძის კანდიდატურის გამო ჩააგდო, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა, რომელთაგან კრიტერიუმების შესაფერისად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია. მესამე კონკურსი დანარჩენი 2 კანდიდატის შესარჩევად ჩატარდა და საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე და ორი ახალი კანდიდატი - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები






