პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ კობახიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას განაცხადა:
„კონსტიტუციურ პროექტზე ვეტოს დადებას ველოდებით და ეს პრეზიდენტის მხრიდან პრაქტიკულად გაცხადებული პოზიციაა. შესაბამისად, ოქტომბრის შუა რიცხვებში ვეტოს გადალახვა მოგვიწევს, რის გამოც საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ფართომასშტაბიანი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება და პროცესს იმ ადამიანების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რომელთაც სხვა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდათ. ამ თვალსაზრისით იგულისხმებიან - ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციონერი პრეზიდენტი, ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ასეთი არასწორი წინააღმდეგობა არაერთხელ დაგვიძლევია და ახლაც ასე მოხდა, როცა ძალიან დახვეწილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით“, - აცხადებს კობახიძე.
კობახიძე ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინტერესებში არ შედიოდა, მმართველ პარტიას ეს დოკუმენტი სრული კონსენსუსით მიეღო.
„აქედან გამომდინარე, პირველივე დღეებიდანვე ის კონსტიტუციის ჩამოყალიბების მთავარი მოწინააღმდეგე და კონსენსუსის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მან ეს გზა ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მუშაობა დაწყებული არ ჰქონდა. ეს დამოკიდებულება პრეზიდენტის კონსტიტუციურ როლთან რადიკალურ წინააღმდეგობაშია, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. გახსოვთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო ფორმატში 2013 წელს შეიქმნა და მას მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, მაგრამ პრეზიდენტის მხრიდან არცერთი კითხვის ნიშანი არ დასმულა. კომისიის ფორმატზე ალოგიკური კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი გახდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






