საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მოუსმინეს. მიხეილ ჯანელიძემ ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა თუ რატომ სთხოვა საქართველომ რუსეთს დახმარება ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი კი დაინტერესდა თუ რატომ არ პასუხობს სახელმწიფო მინისტრი ოპოზიციის შეკითხვებს.
„მე გირჩევთ, რომ დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი, რომელიც განგიმარტავთ თქვენს ვალდებულებებს, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ ძალიან უსიამოვნო სასამართლო პროცესები, რომლებიც გელოდებათ თუ კიდევ გაბედავთ ჩვენი შეკითხვების იგნორირებას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თვლით თუ არა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, რომელიც განაგრძობს ამ ქვეყნის ოკუპირებას ამით დემონსტრირებას უკეთებს სისუსტეს და კიდევ ერთხელ გთხოვთ განგვიმარტოთ, როდის და რა ფორმით მიმართეთ რუსეთს ხანძრის დროს“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ჯანელიძეს.
„ევროპულ საქართველოს“ ჯანელიძესთან კითხვები ჰქონდათ აფგან მუხთარლის საქმესა და ბიუჯეტიდან გამოყოფილ 10 მილიონთან მიმართებით, რომლითაც სების ყოფილი შენობა უნდა გარემონტდეს და საგარეო უწყებას საკუთრებაში გადაეცეს.
„მინდა წაგიკითხოთ პარლამენტის რეგლამენტის ერთი მუხლი, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს, რამე არ მოგწონთ ამ მუხლში? შინაგანი წინააღმდეგობა გაქვთ ამ მუხლთან? მაინტერესებს, კანონზე მაღლა აყენებთ თავს და ამიტომ არ მობრძანდებით პარლამენტში უმცირესსობასთან შეხვედრაზე? გეშინიათ და გირჩევნიათ, რომ უმრავლესობის ზურგს იყოთ ამოფარებული და ამიტომ არ მოდიხართ, თუ რა არის თქვენი მოტივაცია“, - მიმართა ირმა ნადირაშვილმა სახელმწიფო მინისტრს.
ჯანელიძემ ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა,რ ომ იგი რეგლამენტს და კანონს იცნობს და კარგი იქნებოდა, თუ დეპუტატი ქაღალდს არ დახარჯავდა და გაუფრთხილდებოდა სახელმწიფო ქონებას:
„დიდი მადლობა, რომ შეწუხდით და მომაწოდეთ მუხლი 94, მაგრამ სჯობდა ალბათ, რომ ქაღალდი არ დაგეხარჯათ, მაინც გავუფრთხილდეთ სახელმწიფო ქონებაა, საჯარო ქონებაა, ვიცნობ კანონს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ.
პარლამენტის ადამიანის უფლბათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ მმართველი გუნდის მიმართ ენმ-ს პრეტენზიები აქვს:
„მე თუ მეხსიერება არ მღალატობს, უკვე მეორედ ვხედავ ბატონ მიხეილ ჯანელიძეს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, არ მახსოვს არცერთი შემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის დროს, რომ მინისტრები მობრძანდებოდნენ და აბარებდნენ ანგარიშს როგორც პარლამენტს, ასევე საზოგადოებას, ამიტომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ასეთი საყვედურები, რომ თითქოს არ მოდის არავინ და თითქოს არ მოდის მინისტრი, მგონი ძალიან დიდი ტყუილია, მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებს რომ არ იკადრონ ასეთი ტყუილი, გაოცებული ვარ, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან ჩვენი მისამართით საყვედურით, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსეთის მოქალაქე“, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






