"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხად რჩება.
„პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო იმ პროექტს, რომელიც მორგებულია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე და ზღუდავს ქვეყანაში დემოკრატიას. ვფიქრობ, თუ მისი შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული, ვფიქრობ პრეზიდენტი უფრო რადიკალურ ნაბიჯზე წავა, რაზეც ჯერ-ჯერობით არ წასულა და ამ დოკუმენტს ნამდვილად არ მოაწერს ხელს“ - აცხადებს „ედპ“-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ კონსტიტუციის პროექტის არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, ლეგიტიმაცია არ ექნება.
„ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არავის აზრი და ისე მოახერხა კონსტიტუციის მიღება. ისინი იღებენ საბოლოო ვარიანტს, თავიანთ ვარიანტს. მე არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, იმიტომ, რომ ის ცვლილებები, ის პაკეტი, რაც ჩვენს მიერ შემუშავებული იყო პრეზიდენტთან ერთად, გათვალისწინებული არ იქნა,“ - ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






