სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ, კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან“.
„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა “– ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს (პუნქტი 2.,,მ“).
„განაშენიანების რეგულირების გეგმა” – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ- გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას“(პუნქტი 2.,,ნ“).
ზემოხსენებული დოკუმენტების გარდა, უნდა არსებობდეს ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა და თბილისი განვითარების სტრატეგია.
მხოლოდ ამ დოკუმენტების ერთობლიობის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს ჩვენი დედაქალაქის გეგმაზომიერი და სისტემური განვითარება, ნაცვლად დღეს არსებული ანარქიისა და ქაოტური ურბანული დანაშაულებისა.
რა რეალობა გვქონდა დღემდის, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით ვითარდებოდა თბილისი და როგორ მივედით ახალი დოკუმენტის მიღებამდე
თბილისის I გენგეგმა 1934 წელს დამტკიცდა, რითაც დაიწყო ახალი ეტაპი თბილისის ქალაქმშენებლობაში (ავტორები: შ. ქურდიანი, ი. მალოზომოვი, გ. გოგავა). პირველი გენგეგმა აგრძელებდა ქალაქის ხაზოვანი განვითარების ტრადიციებს: ქალაქი გეგმარდებოდა მდ. მტკვრის გასწვრივ. გენგეგმაზე მონიშნული იყო თბილისის ზღვა, განვითარებული რეკრეაციული ზონით, ქალაქის სხვა ფუნქციური ზონებით.
1954 წელს დამტკიცდა ქალაქის მე-2 გენგეგმა, რომელიც იმეორებდა წინა გენგეგმის ტრადიციებს, თუმცა კი, ნაკლები გათვითცნობიერებითა და მექანიკური ტრანსფორმაციებით. 1950-იანი წლებში, პოლიტიკური ძვრების ფონზე რადიკალურად შეიცვალა ქალაქმშენებლობის იდეოლოგია. დაიწყო საცხოვრებელი ფონდის მასობრივი მშენებლობა ტერიტორიების ინტენსიური ათვისებით, რაც ტიპური სახლების პროექტირებით ხორციელდებოდა.
1970 წელს დამთავრდა თბილისის ახალი, რიგით მე-3 გენგეგმა, რომელზეც მუშაობა 1962 წლიდან დაიწყო და გათვლილი იყო 2000 წლამდე. გენგეგმა გამოირჩეოდა ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და პოზიტიური მიზნების მასშტაბურობით, რომელთაგან რიგი საკითხებისა განხორციელდა, ადრეული გენგეგმებისგან განსხვავებით.
შეიცვალა ქალაქის განვითარების ტრადიციული გრძივი, ხაზოვანი მიმართულება მდინარე მტკვრის გასწვრივ. დაისახა საქალაქო ცენტრის განვითარება თბილისის ზღვის მიმართულებით, ქალაქის ხაზოვან მიმართულებასთან მართობულად .
1972 წელს დამტკიცებულ გენერალური გეგმას ვადა 2000 წელს გაუვიდა, რის შემდგომ მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. გენგეგმის განვითარების მომდევნო ეტაპზე - ქალაქის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტი არ იქნა მიღებული, რის საფუძველაზეც, 1988 წელს, გენგეგმის ვადის გასვლამდე 12 წლით ადრე, გამოცხადდა კონკურსი „თბილისის ურბანული განვითარების კონცეფციაზე.
ეს უკანასკნელი მიიღეს 2000 წლამდე მოქმედების ვადით, თუმცა მან, ფაქტობრივად, 2009 წლამდე იმოქმედა.
ქალაქ თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით, მიიღო „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“. ამ დროისთვის უკვე მოქმედებდა საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (მიღებული 2005 წლის 2 ივნისს ), რომელშიც არ იყო „პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის“ ცნება. ეს ცნება მოცემულია საქართველოს კანონში „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ (მიღებული 1998 წლის 20 თებერვალს), როცა მოხდა ამ კანონის ინკორპორირება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მიღებული 2014 წლის 5 თებერვალს), ამ ფორმალური მიზეზით, დაჩქარდა ახალი „გენერალური გეგმის მიღება“.
2014 წლის 30 დეკემბერს № 20-105 დადგენილებით, ქ. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დღეს მოქმედი „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“.
ამ გეგმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს უკვე ხუთ თვეში და 2015 წლის 21 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაკეთდა საკონკურსო განცხადება: „საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვა“.
გეგმის შეცვლა პირდაპირ კავშირშია თბილისის მოქმედი მერის ბ-ნი დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამის მთავარ დაპირებასთან, რომლის „შესრულებაც“ მისი მერობის მთავარ მიზნად გადაიქცა: „დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაიწყება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების მოქმედი გენერალური გეგმის თვისობირივი განახლება, რათა ის უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს.“
როგორ ჩატარდა კონკურსი და რა ინტერესები გამოჩნდა ამ პროცესის მიმდინარეობისას ?
2015 წლის 21 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ, საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული დროისთვის წარმოდგის იქნა 11 საკონკურსო წინადადება. ამავე დღიდან, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენის მიზნით, მუშაობა დაიწყო საკონკურსო კომისიამ.
2015 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობის #1742 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურსა და უცხოურ საწარმო - „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ (PricewaterhouseCoopers) შორის გაფორმდა #42030651A001/015 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია, საკონკურსო კომისიას, საკონკურსო განაცხადებზე მუშაობის პროცესში, უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას. 20 სამუშაო დღეში აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 400 000 ამერიკული დოლარი, რაც საკმაოდ დიდი ციფრია აღნიშნული მომსახურებისთვის ასეთ მოკლე დროში.
შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის შეფასების შედეგად, 3 გამარჯვებული გამოავლინა. პირველი ადგილი შპს „თბილისი ჯგუფის”, „სითი ინსტიტუტი საქართველოს”, „Albert Speer & Partner GmbH”-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილის და მამუკა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილმა ერთობლივმა პროექტმა დაიკავა.
2015 წლის 13 სექტემბერს, საკონკურსო კომისიამ „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ რეკომენდაციით (11.09.2015 წ. საკონკურსო წინადადების შეფასების ანგარიში), გამოვლინდა საუკეთესო საკონკურსო წინადადება (ოქმი #5) და გამარჯვებულად დასახელდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავებისთვის თანამშრომლობს ისეთ იურიდიულ პირებთან, როგორებიცაა: „AS&P – Albert Speer & Partner GmbH”, Sarl “Atelier Alfred Peter Paysagiste”, Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო,უნივერსიტეტი, ა(ა)იპ „სენი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ და სხვები.
გამარჯვებული კონკურსანტის მიერ საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარი. პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლის საფუძველზეც, მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვეში, კომპანიას უნდა შეესრულებინა და წარმოედგინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი.
2015 წლის 15 ოქტომბრის, საქართველოს მთავრობის #2212 განკარგულების თანახმად, ხელი მოეწერა თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ.
აქვე აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ დაფუძნებულ იქნა 2015 წლის 30 ივნისს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებული კონკურსიდან 41-ე დღეს.
საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2015 წლის 1 აგვისტოს, ხოლო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა - 2015 წლის 13 სექტემბერს.
ასეთი ფაქტობრივი გარემოება ლეგიტიმურად აჩენს ვარაუდს, სახელმწიფო შესყიდვასთან გამარჯვებული კომპანიის ან მის წარმომადგენლობაზე უფლებამოისლი პირების წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე.
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულ „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ მიიღო კონკურსის პირობებით გათვალისწინებული 50 000 ლარი.
ლოგიკურად, აქ უნდა დამთავრებულიყო კონკურსი და დამთავრდა კიდეც, მაგრამ ამ პერიოდში, კერძოდ, 2015 წლის 24 ივლისს, „შესყიდვების შესახებ კანონში“ განხორციელდა ცვლილება და კანონს დაემატა მე-101 მუხლის შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი: „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის, „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, უნდა შეუთანხმოს სააგენტოს“. განხორციელებული ცვლილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს დაევალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომელიც დაარეგულირებდა სახელმწიფო შესყიდვის წესებსა და პირობებს.
კანონის მოთხოვნის თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ მიიღო #13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ მოცემულობას, რომ კანონში განხორციელებული ზ/აღნიშნული ცვლილებაც და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - ბრძანებაც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 ნოემბრიდან. რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებას, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას მიიღო #2212 განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გამარტივებული შესყიდვის თანხმობის თაობაზე და ამავე დღეს, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებაც 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი კანონი არ გაითვალისწინებდა ცვლილებების 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესვლის საკითხს, საქართველოს მთავრობა, კანონის საფუძველზე, არ იქნებოდა უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიეღო გამარტივებული შესყიდვის თანხმობაზე განკარგულება და საჭიროებდა გაცილებით გართულებული, საჯარო და პროცედურულად გამართული წესით, ასეთი თანხმობის დადასტურებას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად 50 000-ლარიან კონკურსში გამარჯვებული „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ ავტომატურად მიიღო 2 800 000-ლარიანი კონტრაქტი, თუმცა ამ უკანასკნელ იურიდიულ მანიპულაციებს კონკურსს ვერანაირად ვერ დავარქმევთ.
ასევე კონკურსის პროცესს წითელ ხაზად გასდევს ქართულ-გერმანული კვალი. გარდა 20-დღიან მომსახურებაში გადახდილი არაადეკვატური 400 000 დოლარისა, ვიდრე გენგეგმაზე კონკურსი გამოცხადდებოდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25%-იანი და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს 75%-იანი ფინანსური კონტრიბუციით უნდა განხორციელებულიყო პროექტი - „მომავლის ქალაქი“, რომელიც ათ მიმართულებას მოიცავდა. საბოლოო ჯამში, „მომავლის ქალაქის“ ეს ათივე მიმართლება „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ (რომელსაც ავტორების მტკიცებით, გერმანელი პარტნიორები ჰყავს) მიერ შექმნილი გენგეგმის პროექტში კოპირებით გადაიტანეს. გემრანული კომპანია „მომავლის ქალაქის“ პროექტშიც იყო ჩართული, თუმცა დღეს „მომავლის ქალაქზე“ აღარავინ ლაპარაკობს. აღნიშნულ გარემოებებს მივყავართ დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი გერმანულ-ქართული საერთო ინტერესების პროექტია, რომლის განხორციელებასაც ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ პროექტ „მომავლის ქალაქის“ ნაწილობრივ დამფინანსებელ ორგანიზაცის KFW- სა და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაში გამარჯვებულ კომპანიის პარტნიორ, ასევე გერმანულ ორგანიზაცია Dr. Brenner Ingenieurgesellschaft MbH-ს შორის, ჩამოყალიბებულია სათანამშრომლო გარემო.
არის თუ არა ეს თანხმობის დოკუმენტი
კონკურსის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა იყო, რომ აღნიშული პროექტი უნდა ყოფილიყო საერთო თანხმობის დოკუმენტი.
პროექტის ავტორებსა და ქალაქ თბილისის მერიას უნდა უზრუნველეყოთ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების რეალური და არა ფასადური საჯარო განხილვების მოწყობა, საერთო საქალაქო კონსესუსის საფუძველზე, ამ წინადადების თანხმობის დოკუმენტად ქცევა და ასევე, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა პროექტის განხორციელების ფარგლებში.
სამწუხაროდ, არცერთი ეს მოთხოვნა არ იქნა დაცული.
ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა სამეცნიერო დაწესებულებეში და ერთი პრეზენტაცია -საკრებულოში. ეს იყო შეხვედრები შეხვედრებისთვის და არცერთი საგნობრივი შეკითხვა არ ყოფილა დასმული ამ დროს. ხოლო, 1-2 არსებით შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ ყოფილა გაცემული. სრული იგნორირება უკეთდება იმ ადამიანების ინფორმირებას და შეხვედრების მოწყობას, ვისაც უშუალოდ შეეხება ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა.
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნაა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.
ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, შესაბამისად, მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, მის მიერ განხორციელებული მოქმედება კანონშეუსაბამოა და სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და სამართლებრივი პრინციპის დარღვევა. ამდენად, თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება, შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ის ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
საჯარო და კერძო ინტერესების პრპორციულობის საკითხი დგას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით წარმოდგენილ, განსაკუთრებით, სამი მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული ცვლილების შემთხვევაში, რაც ეხება: რკინიგზის გადატანას, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოებას, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ, დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისებას მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია წინადადებების განხილვა ფორსირებულ პირობებში, რამაც შესაძლებელია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თბილისის ეკონომიკურ, ურბანულ თუ პოლიტიკურ ინტერესებს.
რა დოკუმენტი მივიღეთ 4 მილიონ ლარად
თბილისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებმაც დაიკაპიწეს ხელები და ამ დოკუმენტის შესაქმნელად საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს, თუმცა ეს დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციისა და კარგი ანალიტიკური მასალის ნაზავს წარმოადგენს, მაგრამ კონკურსის პირობებით სხვა რამ არც იყო გათვალისწინებული.
საბოლოო ჯამში, მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უნდა მიიღოს ქ.თბილისი საკრებულომ და თან ისე, რომ საკრებულოს არცერთ წევრს არა აქვს წაკითხული ეს 1000-გვერდიანი დოკუმენტი. დამტკიცდება ეს დოკუმენტი და ნარმანიაც მიიღებს მისთვის სასურველ შედეგს - ერთ დაპირებას მაინც აასრულებს საკუთარი პროგრამიდან.
მაგრამ, რას მივიღებთ ჩვენ, თბილისის მოქალაქეები? - ჩვენ უკვე მივიღეთ 4 მილიონ ლარად ღირებული კეთილი სურვილებით სავსე „გენგეგმა“ სადაც გვპირდებიან, რომ 2030 წლისთვის თბილისში აღარ ივლის კერძო ავტომობილები.
რეალურად კი, მიიღებენ გარემოს რეგულირების გეგმას თავისი საყრდენი რუკით, რომელიც ცვლის ქალაქის ფუნქციონალურ ზონებს და საკრებულოს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ, თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას. ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწების მესაკუთრეები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები (მაგ. ელიავას ბაზრობა) და სხვა, ეს არის სულ მცირე 20-25 ათასი მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს "საჩუქარი" წილად ხვდება ქალაქის ახალ მთავრობას და საკრებულოს.
სახეზე გვაქვს სსრკ-ის დროინდელი დოკუმენტი, რომელსაც თანამედროვე მოთხოვნებთან არანაირი კავშირი არა აქვს. საბჭოთა პერიოდში ეს იყო ცეტრალიზებულად გეგმური პროცესი და ქალაქი იმართებოდა და ვითარდებოდა ქალაქის გენერალური გეგმებით, რომლებიც, ძირითადად, იყო განაშენიანების გეგმები და, ამდენად, არქიტექტორების სამოქმედო არეალი.
დღეს კი გვჭირდება არა არქიტექტორების მიერ შექმნილი გენგეგმა არამედ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ურბანისტების მიერ შემუშავებული პროექტი.
არქიექტურა იმდენადაა შემოქმედებითი საქმიანობა, რამდენადაც სამეცნიერო. არქიტექტურის ანალიტიკური ნაწილი მაინც მეცნიერული კვლევის პროდუქტია. ამ გეგმას დაარქვეს მიწათსარგებლობის გეგმა, რაც ანეგდოტია, ვინაიდან მიწათსარგებლობის გეგმა იქმნება გენგეგმის საფუძველზე და არა წინსწრებით.
ეს არის მიწათსარგებლობის პროექტი და შემდეგ დაარქვეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როდესაც პრეტენზია გამოთქვეს სპეციალისტებმა. არადა, ასეთი რამ წარმოუდგენელია: მიწათსარგებლობისა და გენერალური გეგმა სხვადასხვა გეგმაა. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ეს მიწათსარგებლობის გენგეგმა არ ივარგებს. იმიტომ რომ, არ არსებობს ქვეყნის განსახლების პროექტი, რომელმაც უნდა გადაანაწილოს ადამიანური რესურსი, შრომითი დასაქმების ორგანიზმთან ერთად.
არქიტექტორი არაა ურბანისტი და დასამტკიცებლად შემოთავაზებული დოკუმენტი ვერანაირად ვერ ჩაითვლება პროფესიონალების მიერ შექმნილ დოკუმენტად.
თუმცა, არც პროექტის შინარსს აქვს პრეტენზია, რომ იყოს გენგეგმა, ამ სიტყვის კლასიკური განმარტებით.
ეს დოკუმენტი შეიცავს უამრავ ანალიტიკურ და სტატისტიკურ მასალას და სავარაუდოდ, განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალს, რომლის უკანაც არ დგას არანაირი ეკონომიკურ-ფინანსური დასაბუთება. როგორც ჩანს, პროექტის ავტორები ბიბლიურ ჭემშმარიტებებს დაეყრდნენ მუშაობის პროცესში, დასაბამიდან იყო სიტყვაო, ანუ ჯერ დოკუმენტის სახით ჩამოაყალიბეს და ამის შემდეგ, დაიწყებენ შესაბამისი თანხის მოძიებას. ეს ხუმრობით, თორემ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დოკუმენტის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა და ის პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო და მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს დაგეგმარების მხრივ.
ეს დოკუმენტი არ შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმძღვანელოდ. ყველაფერს აქვს თავისი ბაზისი, რომელზეც შემდეგ იქმნება ზედნაშენი. შესაბამისად, გენგეგმას წინ უნდა უძღოდეს განსახლებისა და ურბანული განვითარების გეგმები.
შედეგად, გვაქვს არა სამუშაო დოკუმენტი, არამედ 1 000-ზე მეტ გვერდზე ჩამოწერილია უამრავი საინტერესო, ეგზოტიკური ინფორმაცია, დაწყებული იმით, თუ როგორი იყო თბილისი ვახტანგ გორგასლის დროს.
სხვათა შორის, ამ გენგეგმის მიხედვით, მთაწმინდის პარკი, მამა დავითი, ბოტანიკური ბაღი და ასევე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შეტანა „გამორჩათ“. დაცვისა და რეგულირების ზონის ფარგლებს გარეთ არსებული ისტორიულ-კულტურული ღირებულებების ობიექტის დაცვის არეალების (ზონირების) რუკაში ეს ობიექტები, უბრალოდ, გამორჩენილი იყო და ბოლოს, რუკაში შეიტანეს თუ არა, ცნობილი არაა.
ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ეს დოკუმენტი შევადაროთ 2009 წლის ანალოგიურ დოკუმენტს („ბოროტი ენები“ ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი გაქრა, როგორც მერიიდან ის საკრებულოდან და მხოლოდ საყრდენი რუკაა შემორჩენილი), რომ ვნახოთ, რას ვცვლით და რატომ.
პროექტს არა აქვს ნორმატიული აქტის ფორმა, რადგან ეს არც არის საპროექტო დოკუმენტი და თბილისი ისევ საბაზრო მექანიზმებით განაგრძობს ფუნქციონირებას. ეს ძალიან ცუდია ქალაქისთვის, სადაც შემჭიდროებული ურბანული სივრცეა და რაც ხდება, იმის გამოსწორება შეუძლებელი ხდება.
რეალურად, ვიღებთ დოკუმენტს რომელშიც კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დევს და წარმოადგენს ავტორების ფანტაზიების (ახალი მიწისზედა მეტროს ხაზები, ძველი სსრკ-ის დროინდელი მეტროპოლიტენის ხაზების დასრულება, რაც 2 მილიარდ დოლარამდე ჯდება; გემები მტკვარზე; უსარგებლო ესტაკადები, ჰაერში გავლებული ტრამვაის ხაზები; თბილისი ავტომობილების გარეშე და სხვა) კრებულს წარმოადგენს. ცნობისთვის, მსოფლიოში არსებობს ასეთი ზოგადი კანონზომიერება: მეტროპოლიტენის აშენების პოტენციალი გააჩნია იმ ქვეყანას, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე არის 20 000 აშშ დოლარი და მეტი.
ამ „გენგეგმის“ დაამტკიცების შემთხვევაში, თბილისს ფუნქციონირება სხვა რეალობაში მოუწევს და სხვა თუ არაფერი, შეიცვლება ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად, 20-25 ათასი ადამიანის კერძო საკუთრების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
და რა მიიღეს დაინტერესებულმა ბიზნესწრეებმა? მიიღეს მათ გემოვნებასა და სურვილზე მორგებული თბილისის ფუნქციონალური დაყოფის რუკა, შესაბამისად, კონკრეტულ ადგილებზე მშენებლობის ნებართვბის მიღების გარანტიით.
პატარა ქალაქია თბილისი და არაფერი იმალება. ბევრი ელოდება ამ ახალ რუკას, რომ უკვე წინასწარ შერჩეულ ადგილებზე დაიწყოს და ან განაახლოს უკვე შეჩერებული მშენებლობა. ბევრს კი ამ „გენგეგმის“ წყალობით, საერთოდ წაერთმევა განვითარების საშუალება.
ინტერესები, შედეგი და პრობლემები
თბილისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებმა საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს ამ დოკუმენტის შესაქმნელად, თუმცა ეს დოკუმენტი მხოლოდ რეკომენდაციებისა და კარგი ანალიტიკური მასალის ნაზავს წარმოადგენს და მასში არაა მოყვანილი არცერთი სავარაუდოდ განსახორციელებელი პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისად, არც დაფინანსების სავარაუდო წყაროებია მითითებული.
ვინაიდან ახალი გენგეგმის შექმნა დღევანდელი მერის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაც მისი პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი კონკურსის შემდეგ, აუცილებლად გახდებოდა საჭირო კიდევ ერთი კონკურსის გამოცხადება უკვე გამარჯვებული კონცეფციის რეალურ პროექტად გადაქცევისთვის და ეს საკმაო დროს წაიღებდა, შესაბამისად, გენგეგმას ამ მოწვევის საკრებულო ვერ დაამტკიცებდა - სისწრაფე და ზემოხსენებული დარღვევებიც ამით აიხსნება.
ბ-ნი ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებებიდან თითქმის არაფერი შესრულებულა და თბილისელებიც დაგვეთანხმებიან ამაში. დღეს კი ბ-ნი ნარმანია, მისი პოლიტიკური კარიერის დასარულს დილემის წინაშე დგას - წავიდეს ასე, უსახელოდ თუ ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, თუნდაც ქაღალდზე და თუნდაც, უხარისხოდ, მაგრამ შეასრულოს.
ბ-ნი მერის იდეაფიქსი დროსა და სივრცეში დაემთხვა დედაქალაქში გარკვეული ბიზნესსინტერესების მქონე გავლენიანი პირების სურვილებს და დაიწყო „აბსურდის კალეიდოსკოპი“.
არსებული დოკუმენტი ჯერ არ არის იურიდიულად ძალაში შესული, მის ლეგიტიმიზაციას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოწვევის საკრებულო თავისი მოღვაწეობის ბოლოს მაინც იქნება პრინციპული და მხარს არ დაუჭერს პროექტის მყისიერ, განხილვის გარეშე დამტკიცებსა, მაშინ ამ პროექტზე იმსჯელებს ახალი საკრებულო და ახალო მერო, რაც დიდი ალბათობით, იმის მომასწავებელია, რომ პროექტს მოუწვევს ძირფესვიანი ცვლილება, რათა რეალურად პასუხობდეს თბილისის და თბილისელების ინტერესებს.
მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი დევს ე.წ. საყრდენი რუკის დამტკიცებაში. თუ ეს მოხდა, მაშინ თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას, რადგან შეიცვლება ქალაქის ფუნქციონალური ზონები. ამ შემთხვევაში კი, ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. ახალი რეალობა სულ მცირე 20-25 ათასი მესაკუთრის უფლებებს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ეს "საჩუქარი" წილად ხვდება ქალაქის ახალ მთავრობას და საკრებულოს. აქ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, თუ ეს ბატონები ერთი გუნდის წევრები არიან, მაშინ რატომ ცდილობენ ერთმანეთის საპირისპირო საქმე აკეთონ და ასე ნაჩქარევად მიიღონ სქელტანიანი ნაშრომი საერთო-სახალხო განხილვის გარეშე და თან, ამაყად უწოდონ მას ,,თანხმობის დოკუმენტი"?
ცნობილი ეკონომისტის ბ-ნი მიხეილ ჯიბუტის აზრით, ამ დოკუმენტს თამამად შეიძლება ვუწოდოთ „გულგრილთა შეთქმულება თბილისის წინააღმდეგ“.
დაკმაყოფილდა ვიღაცის პოლიტიკური, ვიღაცის ბიზნესინტერესი და თბილისელებს კი, გვრჩება ურბანული ურჩხული, რომელსაც დღევანდელი საქრთველოს დედაქალაქი - თბილისი ჰქვია სახელად.
მასალის გამოყენების პირობები






