ამის შესახებ სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა ცხინვალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც ისტორიულად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარია 1995 წლიდან, თუმცა, რუსული ოკუპაციის პირობებში, აქ, საეკლესიო სამართლის დარღვევით, მოქმედებს სქიზმატური ეკლესია.
პრესკონფერენცია ე.წ. "ალანიის ეპისკოპოსმა" ვინმე ამბროსი მეთონელმა (ბაირდი Baird) გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ადრე "ეპარქია" ევქარისტულად და ადმინისტრაციულად "ბერძნულ ანტიეკუმენისტურ მართლმადიდებლურ ეკლესიის სინოდს" ემორჩილებოდა, ამიერიდან იგი არცერთ უცხოურ სტრუქტურას მიეკუთვნება და "სახელმწიფო ეკლესიამ" ავტონომიურისა და თვითმმართველის სტატუსი მოიპოვა. მისი თქმით, მიღებულია "ეპარქიის" წესდება და იგი გადაეცა სეპატარისტული რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს დამტკიცებისათვის.
აღსანიშნავია, რომ თვითმარქვია "ეპისკოპოსი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მფარველობით სარგებლობს.
რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ვლადიკავკაზის (ალანიის) ეპარქიას (რომლის საზღვრები შეესატყვისება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის – ალანიის ადამინისტრაციულ საზღვრებს) მართავს ეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩოვი). შესაბამისად “ეპისკოპოსი ამბროსი” გახლავთ არა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, არამედ ბერძნული სქიზმატური დაჯგუფებებიდან ერთერთი, კერძოდ ე.წ. “ბერძნული ანტიეკუმენისტური მართლმადიდებლური ეკლესიის” ქრიზოსტომოსის “სინოდის” ეპისკოპოსი “ალანიის ეპარქიაში”, რომელსაც 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან არცერთი აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მართალია, ოფიციალურად არ აღიარებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და რუსეთის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს ცნობს, თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირად ხდება ქართული ეკლესია-მონასტრების დაზიანება, რათა მათგან ქართული კვალი წაიშალოს.
მასალის გამოყენების პირობები






