მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმაზე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი ეკა ბესელიამ გააკეთა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ დარჩა საკითხი, სადაც მმართველ გუნდს კომისიისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:
„დაველოდოთ, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ეს შეფასება. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ დასკვნა უნდა იყოს დადებითი, იმიტომ რომ ის პრინციპული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას და ასეთი იყო 23 რეკომენდაცია, გაზიარებულია. მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი იყო, რომელიც მესამე მოსმენის დროს დაზუსტდება და პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, სადაც გვქონდა განსახვავებული მოსაზრება ვენეციის კომისიისგან“, - განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მათ მოლოდინებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე:
„გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების პროექტი არის უთუოდ ძალიან დემოკრატიული და პროგრესული, ევროპული სტანდარტის, ამავე დროს ძირითადად არის კომპრომისული ვერსიების პროდუქტი. მე შემიძლია დაგისახელოთ ათეულობით ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჩანაწერი, რომელიც სწორედ კომპრომისის შედეგად შემუშავდა. ამიტომ ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ, რომ კონსტიტუციაზე ძალადობაა რაც ხდება, არის ძალიან უსამართლო. ისეთი დათმობები მოხდა ამ მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც მე არ მახსოვს, ოდესმე ყოფილიყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების დროს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






