საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, მან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ხელისუფლების მიერ ბოლო 5 წელიწადში გადადგმულ საბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის სამართლებრივ სფეროზეც:
"ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები - საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.
ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით.
რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება 41 ადგილით.
ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია.
საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






