გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ჟურნალისტებთან განმარტა და ოპოზიცია კვლავ "დესტრუქციულ ქმედებებში" დაადანაშაულა.
„ჩვენ ამ პროცესში ვიყავით კონსტრუქციული, ოპოზიცია იყო დესტრუქციული,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა და 2024 წლიდან კი პროპორციული საარჩევნო სისტემა ე.წ. ბონუსის გარეშე ამოქმედდება და მანდატები პროპორციულად გადანაწილდება ყველა პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს.
„გადავდგით კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ვენეციის კომისიასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ და ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევა კონსტიტუციის ცვლილებებში,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი უმნიშვნელოვანესია.
„ოპოზიცია მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტთან იყო დესტრუქციულ პოზაში და გააგრძელებენ ამ პოზაში დგომას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავდნენ იმას, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობების მერე კიდევ გამოვხატეთ ასეთ დათმობებზე წასვლის სურვილი,“- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„პრეზიდენტი იყო ბოიკოტის რეჟიმში იმ წუთიდან მოყოლებული, როდესაც გაჟღერდა საერთოდ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, მაშინ, როცა ჯერ არ არსებობდა კომისია. იგი ბოიკოტს უცხადებს ამ პროცესს და ის იყო ერთადერთი ინსტიტუტი და ერთადერთი პირი, რომელიც არ მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიაში და დესტრუქციულობის გარდა, მე ამას ვერაფერს ვერ ვუწოდებ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






