„ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არავის არაფერი მოსწონს, მმართველი გუნდის გარდა, მაგრამ არსებობს ერთი „ჯადოსნური“ დოკუმენტი - „საპროექტო მომსახურების - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვა“, რომელსაც „მოფერებით“ რატომღაც თბილისის გენგეგმას ეძახიან. ამ დოკუმენტის „ჯადოსნურობა“ კი ისაა, რომ მოსწონს ნარმანიას, მოსწონს ხოშტარიას, ანუ მოსწონს გიგისაც... „პატრიოტებს“ ასეთი წვრილმანებისთვის არ სცალიათ, დიდად არც ელისაშვილია გამწყრალი, არც - სხვა პარტიები თუ მერობის კანდიდატები ამბობენ აუგს ამ დოკუმენტზე, ან არც კი იციან, რომ ეს დოკუმენტი რეალურად ცვლის იმ ქალაქის ხვალინდელი მოწყობის სურათს, რომლის აშენება-გადაშენებასაც გულმხურვალედ გვპირდებიან ყოველ ნაბიჯზე. სრული იდილია აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს ამ საკითხზე... ეჭვი ოხერია და კულუარულ მოლაპარაკებაზე თუ არა, კონკრეტულ ეკონომიკურ დაინტერესებაზე მაინც იფიქრებს კაცი,“ - აცხადებს არასამათავრობო ორგანიზაციის - „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, ერთადერთი კანდიდატი, მმართველი გუნდის კანდიდატია, რომელიც უშუალოდ დოკუმენტს კი არ აკრიტიკებს, არამედ, სრულად უგულებელყოფს მის არსებობას და საკუთარი პროგრამის ისეთ ასპექტებს ახმოვანებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება სექტემბრის ბოლოს თბილისის საკრებულოს მიერ დასამტკიცებელ „გენგეგმას“.
„ერთ-ერთ გამოსვლაში კი ისიც ბრძანა ბატონმა კალაძემ, რომ ჯერ არმიღებული დოკუმენტი ძირფესვიანად შესაცვლელიაო. პრინციპში, ნარმანიას ოპოზიციაა, ან პირიქით. სულ ორი სიტყვით გეტყვით, ვინც არ იცით, რა დოკუმენტზეა საუბარი : ეს არის ოთხ მილიონ ლარად შეფასებული, საეჭვოდ მოგებული, კონკურსის შედეგად მიღებული კეთილი სურვილებისა და ფანტაზიების კრებული.
ამ კრებულის მიხედვით, 2030 წელს თბილისში კერძო ავტომობილები საჭირო აღარ იქნება და მტკვარზე გემები ივლის. ვაკეში მეტრო გაივლის და კომუნისტებისდროინდელი პროექტი ვაზისუბანსაც მისწვდება, დიდ დიღომსაც და აეროპორტსაც. მართალია, კაციშვილმა არ იცის, ყველაფერი ეს რა დაჯდება და ფული საიდან, მაგრამ მთავარია ,,სურვილები“. ისე კი, „ჩუმად“ გეტყვით, რომ ამ დოკუმენტის მთავარი „მუღამი“ ფუნქციონალური ზონების ახალ კონფიგურაციაში მდგომარეობს, ანუ დაკმაყოფილდება ვიღაცის პოლიტიკური, ვიღაცის ბიზნესინტერესი და თბილისელებს კი, შეგვრჩება ურბანული ურჩხული, რომელსაც დღევანდელი საქართველოს დედაქალაქი - თბილისი ჰქვია. ერთადერთი იმედი, რომ ეს აბსურდი ცხოვრებაში არ გატარდეს, არის გუგავა... ვინმემ მიაწვდინეთ ხმა და ის აუცილებლად მოვა!“ - წერს რიტორიკულად „ფეისბუქში“ გოგი ლორთქიფანიძე
მასალის გამოყენების პირობები






