აუდიტის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, პარლამენტმა დღეს ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მექვაბივილმა განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის პრიორიტეტი იქნება პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობა. მისივე თქმით, მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სადამსჯელო სტრუქტურა არ იქნება:
„მნიშვნელოვანი იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა, რადგან არამარტო ფინანსური და საბუღალტრო აუდიტი არის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ეფექტურობის აუდიტს, ვინაიდან უნდა ვიცოდეთ რამდენად ეფექტურად, ეკონომიურად იხარჯება სახელმწიფო სახსრები როგორც ცენტრალური ბიუჯეტის, ასევე თვითმმართველი სტრუქტურების დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართულება სამსახურის თვისობრივ გარდაქმნაზე, ტექნოლოგიური აღჭურვის კუთხით, რადგან ამ პრევენციულ ღონისძიებებს სჭირდება სერიოზული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ ტექნიკურ დამხარებას, რომელსაც ვიღებთ ჩვენი მეგობარი დონორი ქვეყნებიდან. განსაკუთრებულად დიდ დროს დავუთმობთ პარლამენტთან მუშაობას, ვინაიდან საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს აუდიტის სამსახურის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.
მისივე თქმით, მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის:
„პიროვნულად თავიდან ბოლომდე მზად ვარ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდე და აქ ბუნებივია მაქვს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ ამას ასევე ოპოზიციურ პარტიებთან კონსტრუქციული მუშაობის შედეგად შევძლებთ.
ვიცი, რომ აუდიტის სამსახურში კვალიფიციური კადრები მუშაობენ. ყველა კომპეტენტური ადამიანი დარჩება სამსახურში. მე როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ თითოეული თანამშრომლის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. თუ საჭირო გახდა რომ სტრუქტურა გაუმჯობესდეს და თვისობრივად გადახალისდეს, მე ამ ცვლილებებს განვახორციელებ. მითუმეტეს, ამის შესაძლებლობას კანონი მაძლევს. გენერალურ აუდიტორს აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი საკადრო ცვლილება, მათ შორის მოადგილეებთანაც დაკავშირებით“ , - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






