სპეციალისტი ქვეყნის მთავარ დოკუმენტში არსებულ ნორმას (103-ე მუხლი) იშველიებს და აცხადებს, რომ საქართველოში 2008-დან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით. შესაბამისად, ალაფიშვილის თქმით, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით ისე მიიღო, რომ მოქმედი კონსტიტიცია დაარღვია.
"კონსტიტუციის 103-ე მუხლი ამბობს, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მის გაუქმებამდე კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის შეჩერებას იწვევს. სხვათა შორის კონსტიტუციის პროექტში, რომელსაც პარლამენტი ახლა იხილავს და ორი მოსმენით უკვე მიღებულია, ეს ნორმა უცვლელადაა გადატანილი. სამწუხარო კი ის არის, რომ როგორც ჩანს, იმ მომენტისთვის არსებული პოლიტიკური მიზნიდან გამომდინარე, პოლიტიკოსები, გნებავთ საკონსტიტუციო კომისიის სხვადასხვა წევრები თუ ამ პროცესში ჩართული სუბიექტები, ვერ ან არ ამჩნევდნენ ამ ნორმას.
ამას წუხილით იმიტომ ვამბობ, რომ 2008 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, რომელიც დღესაც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილებაა შესული. ამ თვალსაზრისით ყველა ხელისუფლებამ შესცოდა.
მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში წინა პარლამენტმაც ცვლილებები შეიტანა. შესაბამისად, ეს განგრძობადი ფაქტი წარმოაჩენს ჩვენი პოლიტიკოსების თუ კონსტიტუციურ ცვლილებების პროცესში ჩართული სუბიეტების პასუხისმგებლობის საკითხს და დამოკიდებულებას კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი, აღარაფერს ვამბობ ოკუპაციისადმი მათ დამოკიდებულებაზე. კონსტიტუციის ამ ნორმის პირობებში კონსტიტუციაში ცვლილების მაინც შეტანა, ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია შენთვის ფიქციაა და არა ძირითადი კანონი, სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტი. ეს ე.წ. დომინოს პრინციპით გადაითარგმნა არაერთ ცვლილებაში და შესაბამისად მივიღეთ ის მოცემულობა, როდესაც კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, მაგრამ გასულ წლებში და დღესაც, ჩვენ მსჯელობთ იმაზე, რა შევიტანოთ როგორ იყოს ესა თუ ის მუხლი. ამ დროს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიმსჯელოთ და გამოსავალი მოვძებნოთ, შეიძლება თუ არა საგანგებო მდგომარეობის პირობებში კონსტიტუციის გადასინჯვაზე საერთოდ მსჯელობა დავიწყოთ. ეს არის უდიდესი პრობლემა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.
კონსტიტუციონალისტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, კომიკური მდგომარეობა შეიქმნება.
"საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლას თავისი საფუძვლები უნდა ჰქონდეს. ე.წ. ნორმატიული გასაჩივრება და მეორე - პროცედურების დარღვევით მიღებული კანონი. პირველ ნაწილში დარღვევასთან საქმე არ გვაქვს. მატერიალური თვალსაზრისით კონსტიტუციის რომელიმე ნორმის დარღვევა, იქნება კომპეტენციური დავა, იქნება მეორე თავი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ამაზე ვერ ვიმსჯელებთ.
შეიძლება განვიხილოთ ე.წ. პროცედურებით დარღვევით მიღებულ ნორმატიულ აქტზე - ამ შემთხვევაში საკმაოდ კურიოზულ სურათს მივიღებთ. თუკი პროცედურული დარღვევით ვინმე წავა სასამართლოში ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სამი სუბიექტი: პირველი - ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი, მეორე - პარლამენტართა მინიმუმ 30 კაციანი ჯგუფი და მესამე ეს გახლავთ საქართველოს მთავრობა. თუ წარმოვიდგენთ თუ ვინ შეიძლება ეს ფაქტი სადაო გახადოს, საკმაოდ რთულ სურათს დავინახავთ. რატომ? - იმიტომ რომ პრეზიდენტი ამ პროცესის მონაწილე იყო და არის, ანუ თავისივე გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შეიძლება მოუწიოს მსჯელობა. მეორე - მთავრობა თვითონ არის ამ პროცესში მონაწილე, როგორც წინა ასევე დღეს მოქმედი პარლამენტის პირობებში. ამ პროცესში კი თითქოსდა იმედად შეიძლება გამოსჭვივოდეს პარლამენტართა მინიმუმ 30 კაციანი ჯგუფი. მით უმეტეს, როცა საკანონმდებლო ორგანოში არის ამისთვის საჭირო რაოდენობა. (საპარლამენტო ოპოზიცია 34 მანდატს აკონტროლებს). თუმცა საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობას კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მასში ორი სუბიექტი თვითონ არიან იმ გადაწყვეტილების მიმღებები. აქაც საკუთარი თავის წინააღმდეგ მოუწევთ წასვლა. და ზუსტად ამიტომ, არამგონია პერსპექტიულად, რომ ეს საკითხი, სამწუხაროდ დომინირებული პოლიტიკური მოტივაციის გამო, გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. ეს თავისთავად, ნიშნავს ზიანს სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი, კონსტიტუციისადმი, მაგრამ არის ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს: როდესაც ვიწრო პატრიული პოლიტიკური საკითხები ხშირად უფრო წინა პლანზეა, ვიდრე სახელმწიფოებრივი საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები






