დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ინტენსიურად იყვნენ ჩართული კონსტიტუციის დოკუმენტის შემუშავებაში.
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა პარტიამ დათმო რაღაც და შედგა მთავარი – თანხმობა. დოკუმენტს 20 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს.
შეთავაზებას მმართველი გუნდის შეფასებები უკვე მოჰყვა. ვიცე-პრემიერმა თამარ ჩუგოშვილმა დოკუმენტს „არასერიოზული“ უწოდა.
„ნიუპოსტმა“ „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერთან საუბარი სწორედ ჩუგოშვილის განცხადებით დაიწყო:
"ვიცე-სპიკერს შევახსენებ, რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ არსებული, მახინჯი საკონსტიტუციო სისტემის წყალობით მოიპოვეს. ქართულმა ოცნებამ ხალხის 50%-იანი მხარდაჭერაც კი ვერ მიიღო და 48%-იან მხარდაჭერით, დააკომპლექტეს პარლამენტის 80%. სწორედ ეს არის შესაცვლელი და ეს არის მთავარი პრობლემა დღევანდელი კონსტიტუციის"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერის განცხადებით, კონსტიტუციის ალტერნატიული ვარიანტი სრული კონსენსუსით იქნა მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიების მიერ.
"საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია ცნობილი აქამდეც იყო, მაგრამ ის რა ალტერნატივაც, ამ ეტაპზე "ქართული ოცნებისთვის" იქნა შეთავაზებული, ეს არის სრული კონსენსუსი, როგორც პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტის. ნურავის დაავიწყდება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მთავარი გარანტი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისა და კონსტიტუციის დაცვის. ეს ძალიან მნიშვნელოვან ფონს უქმნის ამ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, რომ არაფერი ვთქვათ ვენეციის კომისიაზე, ჩვენ დაზუსტებით ვიცით რა განწყობებია ევროპულ სტრუქტურებში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლელებებთან დაკავშირებით. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიგოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, თუ ისინი კონსტიტუციას ძალადობრივი გზით მიიღებენ, ყველა მიიჩნევს როგორც ,,ოცნების" პარტიულ წესდებას და არა ქვეყნის კონსტიტუციას და მას ლეგიტიმაცია არ ექნება. ეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ მთავარია ეს პრობლემად არ იქცეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის"- დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






