დეპუტატის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის კონსენსუსმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება მარტოა დარჩენილი.
საარჩევნო სისტემა, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესი - ეს არის ორი ძირითადი მოთხოვნა, რის შეცვლასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა და ამ საკითხებზე შეთანხმება შედგა. ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, უშიშროების საბჭოს საკითხზე. ამ შეთანხმებამ კი დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ერთ მხარეს არის ქართული ოცნება და მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მეორე მხარეს კი მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ამას დაემატა პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია"- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მისი თქმით, ქართული ოცნებისთვის ამომრჩეველს კონსტიტუციის ცვლილების ლეგიტიმაცია არ მიუცია.
"ამომრჩეველს ქართული ოცნებისთვის ეს მანდატი არ მიუცია. შეგახსენებთ, რომ მათ მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლებმა და მხოლოდ არსებული მანკიერი სისტემის გამო მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღეს. რომელსაც ბოროტად იყენებენ და პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებენ"- აღნიშნა ღარხნიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით "ხელისუფლების დამოკიდებულებამ შეიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა ჩიხში".
"საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ქართული ოცნება უსინდისოდ იტყუებოდა და ამას აკეთებდა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათ მოატყუეს ისეთი ავტორიტეტული და მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა ვენეციის კომისია. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ აზრი გამოთქვა ერთ ვარიანტზე და უცებ გაჩნდა სხვა ვარიანტი, რომელიც როგორც ვთქვი არავისგან არ არის მოწონებული. საბოლოოდ ეს ყველაფერი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე, ამ ყველაფრის შედეგად ღრმავდება პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა კი უმრავლესობას ეკისრება"- განმარტა დეპუტატმა.
ოცმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო კონსენსუსის მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებულ პროექტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
შემუშავებული დოკუმენტი გადაეგზავნება მმართველ გუნდს და ასევე ვენეციის კომისიას.
მასალის გამოყენების პირობები






