საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას დიალოგისკენ.
საკონსტიტუციო ცვლილებები მთავარი საკითხია ასევე ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზეც, რომელიც პარლამენტში გაიხსნა. შეხვედრას საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.
პრეზიდენტის შეთავაზებას დიალოგთან დაკავშირებით უკვე უპასუხეს მმართველი გუნდის რიგებში, „ქართული ოცნების“ წევრები მარგველაშვილის შეთავაზებას აბსურდულს უწოდებენ.
„არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა, რადგან რაღაც ახლებური განმარტებაა კონსესუსის, იმიტომ რომ უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილება იღებს და რომელიც საზოგადოებამ აირჩია, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოეთიშოს პროცესს და ვიღაცა სხვამ, ვისაც არანაირი ლეგიტიმაცია ამისთვის არ გააჩნია, დაწეროს კონსტიტუცია. ასეთი რამ ძალიან აბსურდულია და სერიოზულად პასუხის გაცემა არ შემიძლია. გავიგეთ, რომ პრეზიდენტი პირველივე დღიდან, როცა არ ვიცოდით რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, ამ პროცესს ებრძოდა. გასაკვირი არაფერია, ამას თვეების განმავლობაში ვუყურებთ. ეს ბოლო სასოწარკვეთილ ნაბიჯადაც კი მეჩვენება და არ შემიძლია საერიოზულად შევაფასო“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






