„სხდომაზე, ყურადღებას გავამახვილებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში დგას. ეს არის როგორც შიდა რეფორმების მიმდინარეობა, ის აქტუალური რეფორმები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ - საკონსტიტუციო რეფორმა და ა.შ. ასევე, მთლიანად ასოცირების განხორციელების პროცესი, ეკონომიკური ნაწილის ჩათვლით. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა განვახორციელოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და წვლილი შევიტანოთ საქართველოს და ევროკავშირის შემდგომი დაახლოების პროცესში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
19-20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და საკონსტიტუციო რეფორმას, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე. კომიტეტი ცალკე საკითხად განიხილავს მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას.
სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






