რესპუბლიკური პარტიის მოსაზრებით უნდა განისაზღვროს ქორწინებისა თუ პარტნიორობის ხელშეკრულების ადგილი და მიღებულ უნდა იქნეს ცალკე კანონი, რომელშიც განმარტებული იქნბება რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ საქორწინო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა. საქართველოს კანონში რეგისტრირებული პარტნიორების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პარტნიორთა ურთიერთრჩენის ვალდებულების შესახებ. არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მშობლის საალიმენტო ვალდებულებები, რადგან რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად პარტნიორებს არ ენიჭებათ ერთმანეთის შვილების შვილად აყვანის უფლება. პარტნიორს უნდა მიეცეს გარდაცვლილი პარტნიორის შვილზე მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდამჭერად ყოფნის უფლება. პარტნიორს უფლება აქვს, უარი თქვას გარდაცვლილი პარტნიორის შვილის მეურვეობასა და მზრუნველობაზე, რა შემთხვევაშიც ობლად დარჩენილ არასრულწლოვანზე გავრცელდება არსებული სახელმწიფო ზრუნვის ვალდებულება. პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გვარის მიღება, როგორც ეს მეუღლეების შემთხვევაში ხდება. პარტნიორებს შორის ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ოჯახური ძალადობა. რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
როგორც რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, ასეთი რეგულირება შესაძლებელს გახდის ლგბტ წყვილების ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და პარტნიორებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და სარგებლის მიღებას. პარტია პროექტის ფარგლებში მომზადებული სხვა თემების შესახებ პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






