კითხვას, თუ რა კავშირი აქვს „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ სხვა ქალაქებთან, ინკოგნიტო რესპონდენტი რიტორიკულ პასუხს სცემს: „გეთანხმებით, ამ ორგანიზაციას სხვა ქალაქებთან პირდაპირი შემხებლობა ჯერ არ აქვს, მაგრამ ის, რაც „სითი-ინსტიტუტის“ შექმნის შემდეგ მთავრობაში ხდებოდა, მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ ორგანიზაციას თბილისში ტესტავენ და მერე, ალბათ, სხვა ქალაქების გენგეგმების შედგენასაც ანდობენ“.
მაინც, რა ხდებოდა მთვარობაში?
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა თბილისის გენგეგმაზე დედაქლაქის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში (გარკვეული მოსაზრების გამო, რესპონდენტმა ქალაქის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა) უცხოური მსხვილი კომპანია სერიოზული ინვესტიციის დაბანდებას აპირებდა. ამასთან, წყაროს თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს კომპანია სამომავლოდ მონაწილეობას საქართველოს რეგიონალური ცენტრების ურბანულ მოწყობაშიც მიიღებდა.
„დეტალებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ამ უცხოურ კომპანიასა და იგივე საქართველოს მთავრობას შორის, როგორც იტყვიან, შუამავლის როლს მე ვასრულებდი. ახლა, შუამავლი ისე არ გაიგოთ, რომ თითქოს რამე უკანონობას ვაკეთებდი. უბრალოდ, სამსახურებრივად მევალებოდა, რომ უცხოელი ინვესტორები მთავრობის უმაღლეს ეშელონებთან დამეკავშირებინა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც იგივე ურბანისტიკაში მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს, გამოთქვა სურვილი, რომ თბილისის გენგეგმის კონკურსში მიეღო მონაწილეობა. ეს ის პერიოდია, როცა დედაქალაქის მერიას აღნიშნული კონკურსი გამოცხადებული არ ჰქონდა, მაგრამ ნარმანიამ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მერი გახდებოდა, დაანონსა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი თბილისის გენგეგმის შექმნა იქნებოდა. ჰოდა, ყველა ველოდით, რომ ამ თემაზე ტენდერი აუცილებლად ჩატარდებოდა. ამიტომ, ინვესტორები, რომელებსაც საქართველოსთან შეხება ჰქონდათ, ფიქრობდნენ, რომ ამ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა.
ერთი სიტყვით, კონკრეტულმა უცხოურმა კომპანიამ თადარიგი წინდაწინვე დაიჭირა და კონკურსისთვის მზადება დაიწყო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ სტანდარტული საბუთები გაამზადა და იმ დროს ელოდა, როცა კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდებოდა და დამატებით დოკუმენტაციას შემდეგ, ასე ვთქვათ, შეაგროვებდა.
ამასობაში, პირადა მე სახელმწიფო კანცელარიაში დამიბარეს. არ გეტყვით, ვის შევხვდი - ოჯახი მაქვს, შვილები მყავს და არ მინდა, რამე პრობლემები შემექმნას. მოკლედ, ამ მაღალჩინოსანმა ჯერ დელიკატურად მიმანიშნა, რომ უცხოელ ინვესტორს თბილისის გენგეგმის კონკურსში, რომელიც დღე-დღეზე უნდა გამოცხადებულიყო, მონაწილეობა არ მიეღო.
თავიდან ვითომ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ჩავეკითხე, რატომ-მეთქი. მოკლედ მომიჭრა, ასეა საჭიროო. არ მოვეშვი და უფრო ბევრი კითხვა დაუსვი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ჩინოვნიკი ფეხზე წამოდგა, კარისკენ მიმითითა და თან ძალიან მკაცრად მითხრა, ის გააკეთე, რასაც გეუბნები, ყველაფერი „ზევით“ არის შეთანხმებული და შენთვისაც და იმ შენი ინვესტორებისთვისაც კარგი იქნება, ისე მოიქცეთ, რასაც გეუბნებიო.
არაფერი მითქვამს, წამოვედი. ძალიან მეუხერხულებოდა, მაგრამ ინვესტორს ვუთხარი, რომ გენგეგმაზე კონკურსი შეიძლება არ გამოცხადებულიყო. კი გაუკვირდა, რატომო, მაგრამ დეტალების ახსნა არ მიცდია. ისე, რომც ამეხსნა, მაინც არ დაიჯერებდა.
არ ვიცი, პირდაპირ ამასთან იყო კავშირში თუ არა, მაგრამ ამ უცხოურმა კომპანიამ იმ პროექტზეც უარი თქვა, რომლის განხორიცელებასაც საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში აპირებდა,“ - ამბობს ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებაში აღარ მუშაობას.
დანამდვილებით იმის თქმა, რომ ის ყველაფერი, რომლის შესახებაც ყოფილი ჩინოვნიკი საუბრობს, რეალურად მოხდა, არ შეიძლება, მაგრამ იმას, რომ „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ თბილისის გენგემის კონკურსში მონაწილეობა კანონდარღვეით მოხდა, ოფიციალური დოკუმენტაციაც ადასტურებს. შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, რომ ფარული რესპონდენტის მიერ მოთხრობილი ამბავი სიმართლესთან ახლოს იყოს.
სხვათა შორის, „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შედგენილი გენგეგმა რომ უვარგისია, ამას, როგორც ჩანს, მმართველ პარტიაშიც ხედავენ და გრძნობენ. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს იგივე უმრავლესობის წევრები თუ კალაძის საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანები, მათ შორის, თავად კალაძეც უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ ამაზე მინიშნებებს. ასე, მაგალითად, კალაძე ამბობს, რომ თბილისში „ხრუშჩოვკები“ ერთბაშად კი არა, თანდათანობით უნდა ჩანაცვლდეს, რაზეც გენგემის ავტორებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ზოგადად, კულუარებში ამბობენ, რომ „სითი-ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შედგენილი თბილისის მიწათსარგებლობის გენგემის პროექტი „ოცნებაში“ დიდი განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდება.
ამასთან, ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ კონკრეტულად ამ საქმით სამართალდამცავები დაინტერსდნენ და ის პირები, რომლებიც გენგემის კონკურსში და შედგენაში იყვნენ ჩართულები, სულ მცირე, დაკითხვაზე დაიბარონ.
მასალის გამოყენების პირობები






