პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მიერ, ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩენებიდან ირკვევა, რომ თურქეთში ძებნილებს პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე მფარველობდნენ.
ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვთ თურქეთში საქართველოს საელჩოში. საელჩოს წარმომადგენლის თქმით, კონკრეტული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ელჩი თავად გააკეთებს განცხადებას.
ე.წ. ციანიდის საქმისთვის მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი იხსენებს, რომ როდესაც სოსო ოხანაშვილი სასამართლოში ამ ჩვენებას აძლევდა, პროკურორებს ერთი შეკითხვაც კი არ გაუჩნდათ მის მიმართ.
ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ლევან ბარდაველიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პირმა, რომელზეც სოსო ოხანაშვილი საუბრობდა, საქართველოს ლტოლვილი სტატუსის მინიჭების განცხადებით მიმართა, რაზეც უარი ეთქვა, რადგან მის მიმართ არ ხორციელდებოდა ქმედებები, რომლებსაც ევროპის კონვენცია ითვალისწინებდა და რომელთა მიხედვითაც მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი იქნებოდა.
„ამ პიროვნებას იმიტომ ეთქვა ლტოვილის სტატუსზე უარი, რომ მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში კონვენციური ნიშნით დევნა არ დადასტურდა. ანუ ის გარემოებები, რომ ამ ადამიანის მიმართ იყო მიზანმიმართული დევნა ან მისი გარკვეული შეხედულებების გამო, რაც ლტოლვილის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში და ევროპული კონვენციის ფარგლებში იღება, ასეთი რამ მასთან მიმართებით არ დადასტურდა,“ - განაცხადა ლევან ბარდაველიძემ.
ის ვარაუდობს, რომ ეს პიროვნება ინტერპოლით ძებნილი იყო და ბოლოს. ქართულმა მხარემ თურქეთს გადასცა, სადაც მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები






