როგორც შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები აღნიშნავენ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტის სახე ექნება რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.
ნიკა რურუას განცხადებით, დღეს მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ ცვლილებების „ქართული ოცნების“ შემოთავაზებულ ვერსიასთან მიახლოებული ვარიანტი ყოფილიყო მიღებული.
„კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი და ყველას, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, ვალდებულება ეკისრება გააკეთოს ყველაფერი, რომ ქვეყანას ერთპარტიული კონსტიტუცია არ ჰქონდეს. ახლა მხოლოდ ერთი პარტია ცდილობს მოახვოს ხალხს თავისი ვერსია და ამის წინააღმდეგია მთელი ოპოზიცია. დღეს მაქსიმალურად შევეცადეთ მივახლოვებოდით მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას და არსებითი საკითხები რაც მთელი ოპოზიციისთვის არის გადამწყვეტი, დაგვემატებინა ამ ვერსიისთვის. შეჯერებულ ვერსიას გამოვიტანთ სამსჯავროზე და წარვუდგენთ საზოგადოებას და მმართველ პარტიას ვინც ცდილობს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე იმ კონსენსუსზე საუბრობს, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილების მიმართ ოპოზიციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს.
"მთელი პასუხისმგებლობა ჩიხში შეყვანილ მდგომარეობაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტში ის რიცხობრივი უპირატესობა აქვს, რომელიც შესაძლებლობას ქმნის, ერთ პარტიულად მხოლოდ ერთი ადამიანის ახირებები იყოს ასახული კონსტიტუციაში"- აცხადებს აბესაძე.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი დღევანდელ შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციაში კონსენსუსის მიღწევას სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში ხედავენ.
"შევთანხმდით იმაზე, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას შესაძლებლად ვხედავთ მხოლოდ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში 2020 წლის არჩევნებისთვის. ასეთ პირობებში შევთანხმდით კონსტიტუციის ცალკეულ დებულებების შინაარსზე. ეს მოიცავს პრეზიდენტის არჩევის წესსაც და სხვა დებულებებსაც"- აღნიშნა შავგულიძემ.
"ახალი საქართველოს" ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციური სპექტრი ქართულ ოცნებას კიდევ ერთ შანსს აძლევს.
"შანსს ვაძლევთ "ქართულ ოცნებას" ხაზი არ გადაუსვას საკუთარ თავს და საკუთარი თავის დელეგიტიმაცია არ დაიწყოს. თუ ისინი თავისას ჯიუტად გააგრძელებენ, მე კიდევ უფრო აქტიური ქმედებების მომხრე ვარ, მათ შორის აქციების დაწყებით. ამისთვის უკან არ უნდა დავიხიოთ"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემედეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეთანხმება მიღწეულია პრინციპულ საკითხებზე.
„შეიძლება ითქვას რომ ხუთპუნქტიანი საკითხთა წრე ჩამოყალიბდა, ეს არის: პრეზიდენტის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები, მთავრობის საპარლამენტო ზედამხედველობა, სასამართლოს თემა და უშიშროების საბჭო. რა თქმა უნდა, მუხლობრივად გაცილებით მეტია, მაგრამ ეს არის პრინციპული საკითხები, რაზეც შევთანხმდით. მომავალი კვირის დასაწყისში, გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნება ერთი მხრივ, ხელისუფლებას და მეორე მხრივ, ვენეციის კომისიას. მომავალი კვირის დასაწყისში იხილავთ საინტერესო კონსენსუსის შემცველ დოკუმენტს, სადაც ქვეყნის პირველი პირი დააფიქსირებს პოზიციას. რა თქმა უნდა, ყველას სურვილი გათვალისწინებული ვერ იქნება, მაგრამ გარკვეული პუნქტები გვერდზე გადავდეთ, რათა აბსოლუტურად კონსენსუსური დოკუმენტი მიგვეღო“, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციისა და პრეზიდენტის ხედვას ასახავს საზოგადოება მომავალ კვირას იხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






