საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მმართველმა გუნდმა შეიმუშავა საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც შეთანხმების შედეგია. ამის შესახებ პრემიერმა პრეზიდენტის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო გადადის ერთმანდატიან არჩევნებზე, ამაზე მიდიოდა ღია დებატები გუნდის შიგნითაც.
"ეს არ იყო მარტივი პროცესი, რადგან უმრავლესობის შიგნით ხუთი პარტიაა. შესაძლოა კონსტიტუციის პროექტი არ იყოს იდეალური, მაგრამ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აქვს თავისი დღის წესრიგი. არსებობენ პარტიები, რომლებსაც რაც არ უნდა შესთავაზო, აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან. ის, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა პარლამენტში, ეს არის ჩვენი ხალხის პასუხი ავტორიტარიზმს, ჩვენ ამ უმრავლესობას ძალიან ფრთხილად ვეკიდებით.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ისტორიული ცვლილება იქნება, რასაც დავუტოვებთ ჩვენს ქვეყანას. მე მახსოვს 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იქნა მიღებული. მე ვიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა. 2004-დან 2012 წლამდე კერძო სექტორში ვიყავი. მახსოვს, ოპოზიციური რვა პარტიის გაერთიანება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ითხოვდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მაშინდელი მთავრობა ყველა მეთოდს იყენებდა ამ პარტიების დასაშლელად. იყო მასობრივი დაპატიმრებები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






