„თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „სიცოცხლის სავსე ქალაქის“ პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის, მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არ არსებობა, თუმცა თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, რაზეც მისივე თქმით, მუშაობა ექსპერტთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მიმდინარეობს, ქალაქის ქაოტური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემა საბოლოოდ მოწესრიგდება. უდავოდ მისასალმებელია, რომ არსებობს სურვილი, შეჩერდეს ჩვენი დედაქალაქის „ბარბაროსული“ განვითარების ტენდენცია და მისი განვითარება მოხდეს თანამედროვე სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად. ქალაქის განვითარებას, როგორც წესი, განსაზღვრავს მაღალი რანგის დოკუმენტების - განვითარების სტრატეგია, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა და ბოლოს, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ერთობლიობა. პირველი ორი დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში, მესამე დოკუმენტი, უბრალოდ, ფიქციას წარმოადგენს და მხოლოდ ქალაქის ზონალური დაყოფის არსებული სურათის შეცვლისკენაა მიმართული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს ქვეყნის განსახლების პროექტი, რომელმაც უნდა გადაანაწილოს ადამიანური რესურსი შრომითი დასაქმების ორგანიზმთან ერთად, მაშინ ისმის შეკითხვა: საერთოდ, რა დოკუმენტზეა საუბარი? დღეს რეალობაში გვაქვს მხოლოდ 4 მილიონ ლარად ღირებული დოკუმენტი - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის სათაურიც აბსოლუტურად შეუსაბამისობაშია დოკუმენტის ტექსტთან. ისიც გაურკვეველია, თუ სად მიმდინარეობს მუხლჩაუხრელი მუშაობა ამ პროექტზე ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით?“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართელობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, მოეწყო 3-4 შეხვედრა შეხვედრისთვის, სადაც პასუხი ერთ შეკითხვასაც არ გასცემია.
„დღის წერიგში დგას გენგეგმის საკრებულოზე სასწრაფო წესით დამტკიცების საკითხი ამ მოწვევის თბილისის საკრებულოს მიერ. თანხა გადაიხდილია და საკრებულოში დასამტკიცებლად შედის დოკუმენტი, შესაძლოა, აკადემიური, მაგრამ ყოველგვარი ფინანსური გაანგარიშების გარეშე და მისი სიცოცხლისუნარიანობის გადამოწმება ყოვლად შეუძლებელია. დღევანდელი მერია კი, რომელმაც დაიწყო ეს პროცესი, აღარ იქნება ხელისუფლებაში და არც პასუხისმგებლობა ექნება ამ პროექტის განხორციელებაზე. დიდი ალბათობით ახალ მერს ექნება და აქვს კიდეც თავისი განსხვავებული ხედვა. ამიტომ, ბუნებრივია, გაჩნდება და არის კიდეც ამბიცია, რომ დაიდოს ახალი დოკუმენტი. მაშინ რა ვუყოთ გადამხდელების მიერ გადახდილ 4 მილიონს? რაში დაიხარჯა ეს ფული? სად არის გამოსავალი?“ - კითხულობს ლორთქიფანიძე და იქვე, დასძენს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია, „მმართველი ძალის შიგნით მოხდეს კონსენსუსი, შეჩერდეს ამ დოკუმენტის ნაჩაქრევად მიღება და მიეცეს შემდეგი მოწვევის საკრებულოს და ახლად არჩეულ მერს საშუალება, დინჯად, აკადემიურად და პროფესიონალების ჩართულობით მოახდინონ თუნდაც არსებული დოკუმენტის მოდიფიცირება ისე, რომ ის შეესაბამებოდეს თბილისის და თბილისელების ინტერესებს.“