ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე დღეს ნიკა მელიამ წარადგინა:
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში - ქუთაისში.
უძველეს ქალაქში, რომელიც ასწლეულების მანძილზე განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ სახეს.
ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო. მე მჯერა, რომ საქართველოს განვითარების და წინსვლის გზა გადის ქუთაისზე.
და ამიტომ, ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ამ ქალაქის და თითოეული თქვენგანის - ქუთაისის და ქუთაისელების წინაშე.
ძვირფასო მეგობრებო, წლების განმავლობაში ქუთაისის როლი და მნიშვნელობა იგნორირებული იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ამ ქალაქის აღმშენებლობა: ჩვენი გეგმით ქუთაისი უნდა გამხდარიყო დასავლეთ საქართველოს მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი; ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქი და ტურისტული კარიბჭე.
მაგრამ 2012 წელს ეს პროცესი შეჩერდა.
დღეს მთელი საქართველოს გასაგონად ვამბობ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზნები წარმატებულ ქუთაისთან დაკავშირებით არის უცვლელი. ქუთაისის განვითარების გეგმა არსებობს და მისი განხორციელება დაიწყება არჩევნებში გამარჯვებისთანავე.
ამავე დროს, იმისათვის რომ ქუთაისი კვლავ იქცეს პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად, იმისათვის, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა იმისათვის, რომ ქუთაისელებმა იცხოვრონ მდიდარ, განვითარებულ და ბედნიერ ქალაქში.
ქუთაისს სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა და მასშტაბური პოლიტიკური ფიგურა ქალაქის ხელმძღვანელობაში.
ადამიანი, რომელიც მოიძიებს ინვესტიციებს და რესურსებს ქუთაისელების საკეთილდღეოდ. ადამიანი, რომელიც ქუთაისს მოაქცევს საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
აქედან გამომდინარე, ამ ქალაქის მერობის კანდიდატის შერჩევაზე პარტიამ ყველაზე დიდხანს იფიქრა და დღეს ჩვენი გუნდი ქუთაისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ სრულიად უნიკალური გამოცდილების პოლიტიკოსს, რომელიც ყველასთვის ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ის წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო არენაზე ქვეყნისთვის ყველაზე უფრო რთულ, მაგრამ ყველაზე უფრო წარმატებულ პერიოდში, ის წარმართავდა ურთულეს მოლაპარაკებებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, მისი დამსახურებაა ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკის წარმატება და ქვეყანაში უმსხვილესი ინვესტორების შემოყვანა.
მისი ენერგია და ინტელექტუალური რესურსი უნდა მოხმარდეს ქუთაისის განვითარებას ის არის ამ კუთხის შვილი, მისი ოჯახი არის ქუთაისიდან, მისთვის ეს ქალაქი მშობლიურია.
ამ ადამიანს უყვარს ეს ქალაქი და მზად არის იბრძოლოს ქუთაისის და ქუთაისელების კეთილდღეობისათვის.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, განახლებული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამორჩეულ პოლიტიკოსს ბატონ გრიგოლ ვაშაძეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






