პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ტყის მასივებში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრი კითხვები ჩნდება ამასთან დაკავშირებით.
"მინდა გამოვეხმაურო წელს არსებულ მდგომარეობას, რომელიც უკავშირდება ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებს. პირადად ვიმყოფებოდი, განსაკუთრებით აგვისტოში, ცხელ კერებში და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არა ძალიან სწორად დაგეგმარებული პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელიც საგანგებო შტაბმა მიიღო, და რა თქმა უნდა ძალიან გულმოდგინე და თავდადებული მუშაობა ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ზიანის მასშტაბები გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა.
ხანძრის გავრცელების მასშტაბებს თუ ავიღებთ, შეიძლება ბოლო ათი წლის განმავლობაში რამდენიმე სხვა ხანძარი უფრო დიდი მასშტაბის იყო, მაგრამ აქ უფრო თვალშისაცემია რაოდენობრივად ის კერები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო. პირადად მეც ვთვლი, რომ კითხვები ჩნდება თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ აუცილებელია, რომ ხაზი გავუსვათ იმ ზოგად ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს და იმ შედეგებს, რომლებსაც ჩვენ უნდა ველოდეთ მომავალშიც.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დადებს საბოლოო შედეგებს და ჩვენ გვეცოდინება პასუხი, თუ რა იყო რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი"- განაცხადა კუჭავამ.
მასალის გამოყენების პირობები






