პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციონალისტების ბრალდება დეზინფორმაციაა.
„იყო ქალბატონი თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას ექვსი წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს ცვლილება ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ ირჩევა პროპორციული წესით პირველად საქართველოს პარლამენტი 2024 წელს და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი უკვე ახალი არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, წინა მთავრობების დროს მესამე მოსმენით დოკუმენტში ცვლილებებს „აპარებდნენ“.
„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არარედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და, როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ერთჯერადად იყოს არჩეული ექვსი წლის ვადით, კონსტიტუციის პროექტში რეგლამენტის დარღვევით არის შესული.
მასალის გამოყენების პირობები






