ამის მიზეზად კი ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარს ასახელებს. საკუთარ გადაწყვეტილებაზე მმართველმა გუნდმა დღეს განცხადება გაავრცელა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ხელისუფლება პროცესის დაწყებისთანავე დიალოგის ჩაშლას ცდილობდა, ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება:
„მთელი ეს პროცესი დიალოგის დაწყების შემდეგ ემსახურებოდა იმას, რომ ხელისუფლება ცდილობდა 6 სექტემბერი, მოლაპარაკებები სტრასბურგში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაეშალა. ხელისუფლების ამოცანა თავიდანვე იყო ნათელი - მას სურს შეინარჩუნოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის ხელისუფლებაში დარჩენას 2020 წელს. ოპოზიციისგან ვერ მიიღო თანხმობა იმაზე, რომ საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გარდა, სხვა საკითხები იყო პრიორიტეტული. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვიყავით ყველა საკითხზე სასაუბროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველაზე მთავარი პრობლემა, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა, გათვალისწინებული იქნებოდა.
ხელისუფლებას ბუნებრივია ძირითადი და პრინციპული ცვლილებების შეტანა არ სურდა, მისი მიზანი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები და კონსესუსის იმიტაცია იყო, რაც არ გამოუვიდა. ის, რომ ქვეყანას ექნება ერთპარტიული კონსტიტუცია, ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, სწორედ მას სურდა 2020 წლის არჩევნებისთვის, ქართველი ხალხისთვის ხმის უფლება წაერთმია და ამ პასუხისმგებლობის შესაბამის რეაქციებს ისინი აუცილებლად იგრძნობენ. არსად, არცერთ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგებულ კონსტიტუციას დიდხანს არ უმუშავია, ხელისუფლება შედეგებს მოიმკის და ამას დიდი დრო არ დასჭირდება“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






