„აზიური ფაროსანა გამოწვევაა აგრარული სექტორისთვის და მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ, მათ შორის გურიის რეგიონში. ღონისძიებების პირველ ეტაპზე ჩატარებული და ამჟამად მიმდინარე წამლობის შედეგად ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, თუმცა, მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ წამლობას. ამასთან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და აქტიურობა, რაც წამლობის გარდა მექანიკური ღონისძიებების გატარებასაც გულისხმობს,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. ადგილზე მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. სააგენტოსთან ერთად აქტიურად ვახდენთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებას, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება“, -აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი დაამუშავა. მეორე ეტაპზე 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და ლოკალიზებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში.
ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






