როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 3.8%-იანი ზრდა ივლისში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა.
“ხელისუფლება, რომლის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა ამ დაბალი ზრდის მიზეზი, პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ქართული ოცნების” დაპირებული სწრაფი განვითარება იმაში გამოიხატება, რომ საგარეო ვაჭრობაში 2013 წლის დონეზე ვართ, ხოლო კეთილდღეობის ნაცვლად სახეზეა ცხოვრების გაძვირება. საგარეო ვაჭრობის საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანა 2013 წლის დონეზეა.
მოქალაქეებისთვის უზარმაზარ პრობლემად რჩება ფასების ზრდა, რომელმაც 2017 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, 6% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 12,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.
გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა მცირდება: ოჯახების შემოსავალი არ იმატებს, ხარჯი კი იზრდება. სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
“გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






