საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 28 ათას აბიტურიენტს სტუდენტობა მიულოცა. ასევე მიმართა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს გამოცდებში შესაბამისი ქულები ვერ დააგროვეს, რათა სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩარიცხულიყვნენ:
"ცხოვრების დინამიკა იზრდება, პროფესიონალური მომზადების კუთხით გამოწვევები საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალგაზრდობა გვჭირდება, რომელიც ამ გამოწვევების გასამკლავებლად მომზადებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რაც უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად დაყენებული იყო, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. ასევე მინდა, ვინც ვერ მოხვდა, მათ ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა და ადამიანების წინ ასეთი შესაძლებლობები ყოველ წუთს, ყოველდღიურად ჩნდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც სტუდენტი ვერ გახდა, შესაძლებლობები ექნება, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






