ედპ-ს ლიდერი ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ირგვლივ დიალოგის მიზანმიმართულ ჩაშლაში ადანაშაულებს.
„უმრავლესობამ თვითონ სცადა და ჩაშალა წამოწყებული დიალოგი. ჩვენი პოზიცია უცვლელია, დღეს კიდევ ერთხელ შევაჯერეთ ეს პოზიციები, რომ მხოლოდ პროპორციულ სისტემის ცვლილებაზე 2020-ში საუბრის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დიალოგი ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ პრინციპულ საკითხად ისევ და ისევ რჩება საარჩევნო სისტემა ანუ მაჟორიტარების გაუმება“- განაცხადა ბაჩიუკი ქარდავამ.
ედპ-ეს ლიდერი უმრავლესობის წევრების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ულტიმატუმებს აყენებს.
„რას ეძახის ხელისუფლება ულტიმატუმს?! მთავარი პრობლემა, რამაც საკონსტიტუციო რეფორმა ჩიხში შეიყვანა იყო სისტემა, სისტემის მოგვარების გარეშე ამ ჩიხიდან პროცესი ვერ გამოვა. რეალურად ეს არანაირი ულტიმატუმი არ არის.
თვითონ ოცნებამ შემოგვთავაზა საზოგადოებასაც, პოლიტიკურ პარტიებსაც, ვენეციის კომისისასაც, რომ ის 2020 წელს აპირებდა სისტემის რეფორმას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამასთან დაკავშირებით გამართა „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო განხილვა რეგიონებში და ჩვენ, რეალურად ამ მოცემულობაზე დაბრუნებას ვითხოვთ ხელისუფლებისგან“- განმარტა ქარდავამ.
„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს გააგრძელებს თუ არა ის კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგს.
მისი თქმით, ხელისუფლება სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრის მიზანმიმართულად ჩაშლას ცდილობს.
„ამ ნაბიჯებით ხელისუფლებას სურს ჩაშალოს სტრასბურგში ვენეციის კომისის მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრა, იმიტომ რომ ისინი მზად არ არიან საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით რეალურ ცვლილებებზე წავიდნენ. რეალურად მივიღებთ იმას, რომ ქვეყნას ექნება ერთპარტიული კონსტიტუცია, რომელიც ბუნებრივია დიდი ხნით ვერ იმუშავებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია - მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან არასდროს არ აგვიყირავებია მაგიდა. ხელისუფლებას აქვს გადასაწყვეტი გააგრძელებს მოლაპარაკებებს თუ არა“- განმარტა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






